ახალი ამბები

ორსული ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა — პროკურატურა

23 დეკემბერი, 2021 • 1271
ორსული ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა — პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

ფაქტი თბილისში 22 დეკემბერს მოხდა. უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით ორსულ მეუღლეს დანით  სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა.

“მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის”, — დასძენს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი