რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კრემლი წითელი ხაზების დარღვევად აღიქვამს საქართველოს ნატოში ძალით გაწევრიანებას.
მან ეს განცხადება სოჭში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას შემდეგ გააკეტა.
„ჩვენ არ გვისაუბრია ჰიპოთეტურ სცენარებზე, მათ შორის საქართველოს ძალით ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ჩვენი პოზიცია ნატოს გაფართოებაზე ნათელია. ეს იქნება წითელი ხაზი, თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან კიდევ და კიდევ უფრო მოახლოებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი განცხადებით, რუსეთის წინადადება, რომლითაც დასავლეთს მიმართა უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ, აჩვენებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია, თავიდან აიცილოს მოვლენათა ნეგატიური განვითარება, როგორც ეს ნატოს ზოგიერთ სცენარშია.
რუსეთის მიერ დასავლეთისადმი წამოყენებული მოთხოვნის შესახებ, სადაც რუსეთი მოითხოვს, რომ ნატო აღარ გაფართოვდეს, მათ შორის სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე, იხილეთ ნეტგაზეთის მასალა:
„რას სთხოვს რუსეთი ნატოს და როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ – ინტერვიუ“