ახალი ამბები

„ლენდ-კაზინოების ბიზნესს ექნება ხელშეწყობა“ – ღარიბაშვილი

18 დეკემბერი, 2021 • 1329
„ლენდ-კაზინოების ბიზნესს ექნება ხელშეწყობა“ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ონლაინ-კაზინოებისგან, ფიზიკურ სივრცეში არსებულ კაზინოებთან მთავრობას განსხვავებული მიდგომა აქვს:

„რაც შეეხება [სათამაშო ბიზნესის] სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს მთავრობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.

„მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ამ პროექტის განხორციელებას მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს.

მან ასევე ისაუბრა ბოლოდროინდელ შეზღუდვებზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, – რაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო 17 დეკემბერს, – და თქვა, რომ „ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს“.

პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ პირველ არხზე ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლენდ კაზიონოებში“ „ძირითადად უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები თამაშობენ“ და ამიტომ რაიმე შეზღუდვა არ იგეგმება.

პარლამენტმა 17 დეკემბერს მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას.

13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ:

  • სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
  • სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში;
  • ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ახალი შეზღუდვების პარალელურად, ამ შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

პარლამენტი ცვლილებები დაჩქარებულად განიხილავს. დარჩენილია პაკეტის მესამე მოსმენით მიღება.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი