ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) წარმომადგენლები „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ საქართველოში პოლიტიკური გარემოს „უკიდურესი პოლარიზაიის“ გამო, რაც, მათი შეფასებით, „ხელს უშლის ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს“.
PACE-ს მომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) 8-10 დეკემბრის შუალედში საქართველოში ვიზიტის შემდეგ გააკეთეს ეს მოხსენება.
მომხსენებლების თანახმად, პოლარიზაცია ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის წლების განმავლობაში საქართველოს მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.
თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობაა და, ამის გათვალისინებით, მოუწოდეს მათ, – განსაკუთრებით ორ უმსხვილეს პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, საერთო ერის სიკეთე არჩიონ სხვა ნებისმიერ ვიწროპარტიულ პოლიტიკურ სტრატეგიებს“.
PACE-ს წარმომადგენლების მოხსენებაში ასევე საუბარია 2021 წლის არჩევნებზე, დადებითად არის შეფასებული განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, მაგრამ გამოხატულია შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მრავალი შემთხვევის, ამომრჩეველზე ზეწოლისა და ძალადობრივი ინციდენტების გამო.
მომხსენებლები აკრიტიკებენ მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებს და ხაზს უსვამენ, რომ რეალურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა აქვს, არის აუცილებელი წინაპირობა დემოკრატიული კონსოლიდაციისათვის.
PACE-ს მომხსენებლებმა, ამ კონტექსტში, მწუხარება გამოთქვეს პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის გამო, რაც საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების წინააღმდეგ მოხდა.