ახალი ამბები

ხელისუფლების წარმომადგენლისგან პირველად მოვისმინე სიტუაციის ზუსტი დახასიათება – სააკაშვილი ზურაბიშვილზე

16 დეკემბერი, 2021 •
ხელისუფლების წარმომადგენლისგან პირველად მოვისმინე სიტუაციის ზუსტი დახასიათება – სააკაშვილი ზურაბიშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან პირველად მოისმინა ვითარების ობიექტური და ზუსტი დახასიათება. ამის შესახებ წერილი სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

“პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ.

ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდავოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას”, – აცხადებს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ საქართველო არ გამოვა იმ მდგომარეობიდან, რომელზეც ზურაბიშვილმა დღეს ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მხრივ მშვიდობიან პროტესტსაც და ინკლუზიურ დიალოგსაც გადამწყვეტი როლი აქვს:

“მთავარი ახლა შედეგია – ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის – რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა.

საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ!”, – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს, 16 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის ნაწილი, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

“დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა თქვა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის შიგნიდან უნდა იმართოს და ეს უნდა იყოს “ქართული პროცესი”. მისი თქმით, ეს იქნება “ეროვნული თანხმობის პროცესი”, რომელიც იქნება ხანგრძლივი.

ნახეთ ვრცლად:

დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ – ზურაბიშვილი

ვინ (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი