ახალი ამბები

კობახიძე შერიგებაზე: პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ საჭიროა დანაშაულების შეფასება

16 დეკემბერი, 2021 •
კობახიძე შერიგებაზე: პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ საჭიროა დანაშაულების შეფასება

პრეზიდენტის მიღებიდან გამოსული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისევ აცხადებს, რომ შერიგების წინაპირობა კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსულის, დღევანდელობის და სამომავლო პერსპექტივის შეფასებაა.

მისი თქმით, თუ არ დადგინდება, არის თუ არა დანაშაული ჩადენილი, ისე შერიგება ვერ მოხდება.

„ჩვენ პრეზიდენტს გავყვებით ყველა მის ინიციატივაში, რომლის მიზანიც არის პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ქალბატონი სალომეს ეს ინიციატივა არის ძალიან სწორი და ჯანსაღი. რაც შეეხება პროცესს, ეს უნდა განვიხილოთ ქალბატონ სალომესთან ერთად. წინაპირობებზე ქალბატონ სალომესაც ჰქონდა საუბარი დღეს, რომ პროცესი უნდა დაედოს საფუძვლად შედეგს. შერიგება შეიძლება იყოს შედეგი და პროცესი არის საჭირო, რომლის მთავარი ნაწილიც, როგორც ქალბატონმა სალომემაც აღნიშნა, არის ყველაფრის შეფასება, მათ შორის კონკრეტული დანაშაულების შეფასება. თუ ჩვენ არ დავადგენთ იმას, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ბუნებრივია, შერიგება ვერ მოხდება“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, მზად არიან, რომ ენმსთან ერთად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც შეაფასონ და გადაწყვიტონ, ვის აქვს პოლიტიკაში დარჩენის უფლება.

„მზად ვართ, ნებისმიერი ფაქტობრივი მოცემულობა შევაფასოთ, რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებას, რაც უკავშირდება ჩვენს ხელისუფლებას. მზად ვართ, ერთად დავსხდეთ, შევაფასოთ ყველაფერი და ამის მიხედვით განვსაზღვროთ, ვის აქვს მორალური უფლება დარჩეს პოლიტიკაში და ვის არა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, შერიგება ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას, “პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია ექნებათ”.

“თუ ჩვენ ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა, უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა იყო ნორმალური მოვლენა და არ იყო დანაშაული, რა თქმა უნდა, ესეც გახდება შერიგების საფუძველი. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ სააკაშვილის ეს ქმედება იყო არა კრიმინალი, არამედ ჯანსაღი მოვლენა, რა თქმა უნდა, შევრიგდებით. მაგრამ ჯერ შევაფასოთ. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ სააკაშვილის მიერ 9 მილიონის ქურდობა, მაშინაც შევრიგდებით. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ იმედის მიტაცება არ იყო კრიმინალი, მაშინაც შევრიგდებით.

როდესაც სასამართლო ადგენს, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ამას შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. მათ შორის ისიც, რომ კრიმინალი პოლიტიკაში არ უნდა დარჩეს. არსებობს უმარტივესი ევროპული პოლიტიკური სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს სჩადის, აღარ რჩება პოლიტიკაში.

მგონი, საქართველო სათანადოდ განვითარებულია უკვე, რომ ეს ელემენტარული ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში. როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ა.შ. არიან მხილებული ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში და ა.შ. და მათ კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია”, – თქვა კობახიძემ.


16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო მიღება გაიმართა, რომელსაც პოლიტიკოსები დაესწრნენ.

საახალწლო წვეულებას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, ასევე პარტია „საქართველოსთვის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.

ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ ეკა ბესელია, ანა დოლიძე, ნინო ბურჯანაძე, თამარ კორძაია, ნიკა მაჭუტაძე, კახა ოქრიაშვილი და დავით ბაქრაძეც.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში „ნაციონალური მოძრაობა“, ლეიბორისტული პარტია, „ევროპული საქართველო“ და ელენე ხოშტარიაც მიიწვია, საახალწლო მიღებაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

მიღებას წინ უძღოდა 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პირობის დადება, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი