ახალი ამბები

EIB საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტის დანერგვაზე 34 მლნ ევროს გამოყოფს

16 დეკემბერი, 2021 • 1467
EIB საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტის დანერგვაზე 34 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სასოფლო დასახლებებში ფართოხაზოვანი კავშირის გასაძლიერებლად 34 მილიონამდე ევროს ინვესტიციას განახორციელებენ.

ევროკავშირის ცნობით, ინვესტიცია სწრაფი და სანდო ინტერნეტსერვისებით საქართველოს 1 000 სოფელსა და ცენტრალური დასახლებებიდან მოშორებულ რეგიონში მცხოვრებ 500 000 მოქალაქეს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის დააფინანსებს 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელის დამონტაჟებას და უზრუნველყოფს ღიად ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას, რათა საქართველოს ტელეკომის ოპერატორებმა სწრაფი ინტერნეტსერვისების შეთავაზება შეძლონ.

ინვესტიცია განხორციელდება იმ ხუთი საფლაგმანო ინიციატივიდან ერთ-ერთის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით საქართველოსთვის არის გათვალისწინებული. საფლაგმანო ინიციატივა ციფრულ უთანასწორობას მაღალსიჩქარიანი ფართოხაზოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარებით და „ბოლო კილომეტრის“ კავშირის გაძლიერებით შეამცირებს. ევროკავშირის მოლოდინია, რომ ეს დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აღდგენას და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული ფართოხაზოვანი კავშირის სტრატეგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი