ახალი ამბები

მოვუწოდებთ ევროკავშირს, აღიაროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა — ასოცირებული ტრიო

16 დეკემბერი, 2021 •
მოვუწოდებთ ევროკავშირს, აღიაროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა — ასოცირებული ტრიო

ასოცირებული ტრიოს სახელმწიფოები — საქართველო, უკრაინა და მოლდოვა — მოუწოდებენ ევროკავშირს, აღიაროს მათი ევროპული პერსპექტივა. ამის შესახებ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მეთაურთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ, დღეს, 16 დეკემბერს, გავრცელდა.

განცხადებაში ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ადასტურებენ სრულ მზაობას, რომ იმუშაონ ევროკავშირში გაწევრების მიმართულებით.

„მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა,“ — აღნიშნულია ასოცირებული ტრიოს ერთობლივ განცხადებაში.

გარდა ამისა, ასოცირებული ტრიოს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონში ვითარების რადიკალურ ცვლილებებზე, რომელიც 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის შემდეგ დადგა.

ასოცირებული ტრიო ხაზს უსვამს, რომ მუდმივი დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტების მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში და მოვუწოდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში მისი როლის გაძლიერებისკენ ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შემზღუდავი ზომების ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირის ლიდერებს, განიხილონ ეს საკითხები ევროპული საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე“, — ნათქვამია ტრიოს განცხადებაში.

ასოცირებული ტრიოს ქვეყნები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ანექსიის მცდელობები, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტი მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა, მათ შორის კონფლიქტების წაქეზება და მხარდაჭერა დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების გამოყენება, რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და არჩევნების ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და ხელახლა დავადასტურეთ ერთობლივი მზაობა, რომ ხელი შევუწყოთ ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული პრინციპების გატარებას.

ჩვენ ველით ევროკავშირის სააგენტოებთან და მექანიზმებთან თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტსა და PESCO-ს პროექტებში მონაწილეობას. ჩვენ ასევე გამოვთქვით საერთო ინტერესი, რომ ევროკავშირთან დავიწყოთ დიალოგი უსაფრთხოების კომპასის ინიციატივის ფარგლებში“, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რიგით მე-6 სამიტი გაიმართა. სამიტში მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ლიდერები. სამიტში არ მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 წევრი ქვეყანა — ბელარუსი, რომელმაც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ EaP-ის წევრობა შეაჩერა.

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მეტი ინტეგრაციის მზაობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: “ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით. ორივეს აქვს დიდი შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ არის გამოყენებული”.

სამიტის შემდეგ 20-პუნქტიანი დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ევროკავშირი ადასტურებს ერთგულებას სტრატეგიული, ამბიციური და შორს მიმავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიმართ, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ფასეულობებზე და ინტერესებზე, მრავალფეროვნებაზე, დიფერენციაციაზე და საერთო პასუხისმგებლობებზე.

რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, ბრიუსელის სამიტის ტექსტი ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყნების ევროპული მისწრაფებებთან დაკავშირებით იმეორებს წინა დოკუმენტების ფორმულირებას და კვლავ არ ითვალისწინებს მათთვის ე.წ. ევროპული პერსპექტივის (წევრობის დაპირება) მინიჭებას.„ვაცნობიერებთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებში არის განსაზღვრული. შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას“, — ნათქვამია დეკლარაციაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ აქ:
აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი | შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი