ახალი ამბები

ფაუჩის თქმით, არსებული ბუსტერ დოზები ომიკრონის წინააღმდეგ მოქმედებს

16 დეკემბერი, 2021 • 862
ფაუჩის თქმით, არსებული ბუსტერ დოზები ომიკრონის წინააღმდეგ მოქმედებს

თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ამჟამად არსებული ვაქცინების ბუსტერ დოზა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ მოქმედებს და სპეციალური, ამ შტამზე მორგებული ვაქცინა საჭირო არაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, ომიკრონის შტამი Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის ორ დოზასთან მიმართებით მნიშვნელოვნად ძლიერია, თუმცა ამ ვაქცინების ორი დოზა მძიმე გართულებებისგან მაინც მკვეთრად იცავს. მისი განცხადებით, ორდოზიანი ვაქცინის დაცვა ომიკრონთან 33%-ია, ხოლო მანამდე, სხვა შტამებთან 80% იყო. თუმცა, ფაუჩის განმარტებით, სამხრეთ აფრიკაში ომიკრონით ინფიცირებული პაციენტები ორმა დოზამ კლინიკაში მოხვედრისგან 70%-ით დაიცვა.

რაც შეეხება ბუსტერს, ფაუჩი აცხადებს, რომ სიმპტომური დაავადებებისგან მესამე დოზას 75%-იანი დაცვა აქვს.

“თუ არ ხართ ვაქცინირებული, აიცერით, ომიკრონის შემთხვევაში კი, თუ ვაქცინირებულები ხართ, ბუსტერ დოზაც გაიკეთეთ”, – თქვა ფაუჩიმ.

ამასთან, კორონავირუსის საკითხებში თეთრი სახლის კოორდინატორის, ჯეფ ზიენტსის განმრტებით, აუცრელი ადამიანის კლინიკაში მოხვედრის შანსი 8-ჯერ მაღალია ვაქცინირებულთან შედარებით, სიკვდილის კი- 14-ჯერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი