ახალი ამბები

ზურაბიშვილი ხსნის, რატომ არ მიიღებს საქართველო დღეს ევროპულ პერსპექტივას

15 დეკემბერი, 2021 • 2138
ზურაბიშვილი ხსნის, რატომ არ მიიღებს საქართველო დღეს ევროპულ პერსპექტივას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რეალისტია და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც დღეს, 15 დეკემბერს ბრიუსელში იმართება, ევროპული პერსპექტივის [წევრობის დაპირება] მიღებას არ ელის.

France 24-ის ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, იმედებს უცრუებს თუ არა გამოჟონილი ინფორმაცია, რომ სამიტზე ევროპელები აპირებენ, მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის გარკვეულ წახალისებას, მაგრამ მათ არ ექნებათ აღიარება ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის შესახებ.

“არა, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვართ რეალისტები და თუ ვიცით, რა ხდება ევროკავშირის შიგნით, ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური საკითხი და მეტი პოლიტიკური წახალისება – ამ “კის” თქმა – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მოიცავს ყველა წევრ ქვეყანას და რომელიც ევროკავშირის შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო, დღეს არ იქნება მიღებული. სწორედ ამიტომ, გვაქვს უფლება განვაგრძოთ იმაზე ფიქრი, რომ ეს პერსპექტივაა. საქართველომ უკვე გამოაცხადა, რომ 2024 წელს ოფიციალურად თავის კანდიდატურას წარადგენს. იმავდროულად, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ინტეგრაციის ყველა სექტორზე და გუშინ აღვნიშნეთ საქართველოს “ჰორიზონტ ევროპის” ასოცირებული წევრობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ყველა ის სექტორი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევიდეთ ევროკავშირში. მე მჯერა, ერთ დღეს ევროკავშირი აღმოაჩენს, რომ ჩვენ შიგნით ვართ და არა გარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის თანამშრომლობის ძალიან წინ წასული ფორმა, რომელიც ასევე მოითხოვს დამატებით ძალისხმევას ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვჭირდება წინსვლა მართლმსაჯულების რეფორმაში, ჩვენ გვჭირდება შემდგომი სოციალური რეფორმა და ეკონომიკური რეფორმები”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამ დრომდე ევროპული პერსპექტივის კონტექსტში საქართველოსთვის ყველაზე კარგი ჩანაწერი გაკეთებულია ევროპარლამენტის 2014 წლის რეზოლუციაში, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის შემთხვევაში.

თუმცა მსგავს ჩანაწერს არ ვხვდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციებში. EaP-ის ბოლო, 2017 წლის სამიტის დეკლარაცია აცნობიერებს მხოლოდ “ასოცირების შეთანხმებებში განსაზღვრულ პარტნიორთა ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს”. “ნეტგაზეთის ინფორმაციით”, 2017 წლის ჩანაწერს გაიმეორებს წლევანდელი სამიტის დეკლარაციაც.

უშუალოდ ევროკავშირზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივას EU-ს თავდაცვის ინდუსტრიაში ახალი ამბიციების შემოტანის შესახებ.

“ჩვენ გვჭირდება ევროპა, რომელიც პოლიტიკური ნებაა. ეს არის ძალა. ასე რომ, ნატო ევროპელების მოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა. დამატებით გარკვეულ სფეროებში საკუთარი ან დამატებითი საშუალებების ქონა ძალიან სასარგებლოა. აღვნიშნავ, რომ ევროკავშირი პირველად გვაძლევს ფინანსურ დახმარებას თავდაცვის საჭიროებებისთვის – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, სამივე ასოცირებულ ქვეყანას… თანხები წამოვა ამ წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ და მის კონტურებს დააკონკრეტებს მომდევნო სამიტი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ღია ვართ ყველა ინფრასტრუქტურისთვის, ყველა პროექტისთვის, ყველაფრისთვის, რასაც შეუძლია, რომ კავკასია სტაბილურობის, შეხვედრებისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონი გახადოს, მაგრამ არაფერი ევროპის გარეშე”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი