ახალი ამბები

ტიკარაძე თალაკვაძეზე: მისი ბექგრაუნდი ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული

14 დეკემბერი, 2021 • 1306
ტიკარაძე თალაკვაძეზე: მისი ბექგრაუნდი ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული

საქართველოს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა წლის ბოლოს პოსტის დატოვების შესახებ, ამბობს, რომ მის შემცვლელზე მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

ტიკარაძის თქმით, ვის განიხილავს ამ პოზიციაზე „ქართული ოცნება“, მისთვის ცნობილი არ არის. ჟურნალისტების კითხვაზე არჩილ თალაკვაძის შესაძლო კანდიდატურაზე ტიკარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრი ხშირად ესწრება ჯანდაცვის ღონისძიებებს და მას ამ სფეროში გარკვეული გამოცდილებაც აქვს:

„კონსულტაციები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მე მექნება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, გავაკეთებ კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში მივიჩნევ, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება სხვადასხვა ჯანდაცვით ღონისძიებას, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი ჯანდაცვასთან არის დაკავშირებული. ასევე მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა C ჰეპატიტთან [ელიმინაციის პროგრამასთან] ურთიერთობის“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტიკარაძე სამინისტროში წლის ბოლომდე დარჩება. რაც შეეხება მის შემცვლელებს, მედიაში აქტიურად ორი კანდიდატი განიხილება. მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე ღარიბაშვილის პირველი პრემიერობისას და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი