ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კიდევ უფრო მეტი რუსეთი | ახალი რეგულაციები აფხაზეთში

14 დეკემბერი, 2021 • 1534
კიდევ უფრო მეტი რუსეთი | ახალი რეგულაციები აფხაზეთში

ავტორი: ზურა წურწუმია, თბილისი


2020 წლის ნოემბერში რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების 37-ე პუნქტი აფხაზეთს არაკომერციული და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობის რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ავალდებულებს. ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლისთავზე ბჟანიას ადმინისტრაციამ ამ ვალდებულების პრაქტიკაში განხორციელება საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, ინლ არძინბას მოსვლით დაიწყო. საკოორდინაციო ფუნქცია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს დაეკისრა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა, დისკუსია, სემინარები, საინფორმაციო მასალების გავრცელება, ასევე ქართულ სახელმწიფო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრა და თანამშრომლობა – ეს ის საკითხებია, რომლებიც ნებისმიერმა ადგილობრივმა თუ აფხაზეთში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ უნდა შეუთანხმოს.

ორგანიზაციები ასევე ვალდებულები არიან სამინისტროს წარუდგინონ პროგრამული საქმიანობის ანგარიში, ფინანსური დოკუმენტაცია და დასაქმებული თანამშრომლების სია.

თავის დროზე, აფხაზურ საზოგადოებაში „ჰარმონიზაციის“ ხელშეკრულებას ბევრი კრიტიკა შეხვდა და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ზემოთ ნახსენები პუნქტი იყო. მაშინ ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ ამ გზით ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას პრობლემები შეექმნებოდა. თუმცა საინტერესოა იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ეს შეზღუდვები და რა პრაქტიკულ ცვლილებებს გულისხმობს ის.

ადგილობრივი ორგანიზაციები აფხაზეთში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მუშაობენ. ძირითადი დონორები, ისევე როგორც ჩვენთან, იქაც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. მათი საქმიანობის სფერო სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერაა.

პროექტები ადგილობრივებისთვის ომისშემდგომი საგანმანათლებლო თუ სოციალური პრობლემების დაძლევას ემსახურება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან პირდაპირ დაკავშირებული ადგილობრივი ორგანიზაციების გარდა, აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოება ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა თემაზე მომუშავე აქტივისტებით, ბლოგერებით, საინიციატივო ჯგუფებით. დამოკიდებლება მათ მიმართ ძალიან გვაგონებს ჩვენს უახლოეს წარსულს.

შიშები იდენტობისა თუ კულტურის დაკარგვისა იქაც არსებობს და საზოგადოების ნაწილი მათ მიმართ სკეპტიკურად და ნეგატიურადაც არის განწყობილი. თუმცა, გამომდინარე ამ ორგანიზაციების საქმიანობიდან, ადგილობრივი საზოგადოების ასევე საკმაოდ დიდი ნაწილი ხედავს მათი მუშაობის პრაქტიკულ შედეგებს და დადებით გავლენებს.

სამოქალაქო საზოგადოებას უწევდა არსებული პოლიტიკური რეალობისთვის ანგარიშის გაწევა. მათი ძირითადი მოწინააღდეგეები, როგორც წესი, ომის ვეტერანები და რადიკალური პოლიტიკური ძალები იყვნენ, რომლებისთვისაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები უცხო ან მიუღებელი თემები იყო.

ახალი რეგულაციები, პირველ რიგში, დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს აჩენს. ეს პირდაპირ აისახება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ და სწრაფ მუშაობაზე.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ფორმალური თუ არაფორმალური შეთანხმება მათთვის აქამდეც დაუწერელ პირობას წარმოადგენდა, თუმცა არ არსებობდა ცენტრალიზებული სისტემა და სამოქალაქო აქტივისტებსა თუ ორგანიზაციებს მაინც ჰქონდათ მოქმედების გარკვეული თავისუფლება.

მათი ძირითადი კრიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკური ძალა თუ ორგანიზაციები იყვნენ. ეს ურთიერთობა მარტივი არასდროს ყოფილა, თუმცა ისინი თანაარსებობდნენ.

„ჰარმონიზაციის“ შედეგად კი ამ სფეროს მონოპოლიზაცია ადგილობრივი ხელისუფლების ხელში გადადის, რაც სამოქალაქო საზოგადოებას სრულად უქვემდებარებს პოლიტიკურ კონიუნქტურას.

ხელშეკრულების გაფორმებამდე, მიუხედავად სამოქალაქო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი კრიტიკისა, მათი მოქმდების შეზღუდვა არასდროს გამხდარა აფხაზური პოლიტიკისთვის საკვანძო და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი.

მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების კონტროლზე გარკვეული პოლიტიკური ძალებიდან ჩანდა, მაგრამ საკითხს არასდროს ჰქონია სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა.

ეს გვაფიქრებინებს, რომ რუსეთთან ხელშეკრულების 37-ე პუნქტი უფრო მეტად გარედან თავს მოხვეული ვალდებულებაა, ვიდრე – ადგილობრივი დაკვეთა.

სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის რუსული მოდელი უკვე წლებია თავის პრაქტიკულ სახეს ავლენს. ეს გამოიხატება ადამიანის უფლებების უფრო თამამ დარღვევებში, სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებების უფრო მეტ შეზღუდვებში.

ასეთ სისტემაში პოლიტიკურ ხელისუფლებას არ ჰყავს მაკონტროლებელი საპირწონე ძალა, რომელსაც რაიმე სახის რეალური ბერკეტი მაინც ექნებოდა. ამგვარი მიდგომის ექსპორტი ეფექტურად ხორციელდება რუსულ სამყაროში: ბელარუსში, აღ. უკრაინაში, ყირიმსა თუ სამხრეთკავკასიურ თვითგამოცხადებულ პოლიტიკურ ერთეულებში.

დემოკრატიზაცია და ადამიანის უფლებები ის მიმართულებებია, რომლის კონტროლსაც კრემლი ამ შეზღუდვებით ახორციელებს. ამ მხრივ რუსული სამყარო, კრემლის წარმოდგენით, უნდა იყოს ჰომოგენური და ჰარმონიული სოციო-პოლიტიკური სივრცე გამონაკლისების გარეშე. სწორედ კრემლის არადემოკრატიულობა წარმოადგენს იმ მთავარ მიზეზს, რის გამოც ცდილობს თავის სამოქმედო სივრცეში არ დაუშვას დემოკრატიის „ვირუსი“, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება როგორც ადგილობრივ არადემოკრატიულ რეჟიმებს, ასევე – თავად კრემლს, როგორც ამგვარი რეჟიმის მთავარ მისაბაძ მაგალითსა და საყრდენს.

აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ცენტრალიზებული კონტროლი ადგილობრივი პოლიტიკური დაკვეთა ნაკლებადაა. ის უფრო მეტად რუსეთის მოთხოვნაა, რომ დაიცვას თავისი გავლენის სფერო.

სოხუმის ხელისუფლების ამგვარი ბერკეტებით აღჭურვა კი, სავარაუდოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი ადგილობრივი ხელისუფლების გამოყენებით განახორციელებს ამ პოლიტიკას. აფხაზური საზოგადოებისთვის კი დემოკრატიზაციის პროცესი უფრო გართულდება. მათთვის რუსული სამყაროდან არათუ გასვლა, არამედ თავად გასვლის მოთხოვნაც კი ნელ-ნელა შეიძლება გაქრეს.

სავარაუდოდ, სოციალურ და სარეაბილიტაციო პროექტებს შესაძლოა ნაკლები დაბრკოლებები შეხვდეს, თუმცა პრობლემა შეექმნება საგანმანათლებლო მიმართულებას. ადამიანის უფლებები, სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებასთან დაკავშირებული მსგავსი საკითხები ადგილობრივი აფხაზური საზოგადოებისთვის კიდევ უფრო უცხო და შესაძლოა მიუღებელი გახდეს. ეს კი დამატებით გარანტიებს იძლევა, რომ ადგილობრივი აფხაზური საზოგადოება მენტალურად კიდევ უფრო მეტად გახდება რუსული და გაიზრდება გაუცხოება თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებებთან. ჩვენსა და აფხაზურ მხარეს შორის ღირებულებითი და მენტალური სხვაობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი