ახალი ამბები

1 მლნ პირისთვის თამაშის აკრძალვის მიუხედავად, ბიუჯეტის შემოსავლები არ შემცირდება – კანონპროექტი

14 დეკემბერი, 2021 •
1 მლნ პირისთვის თამაშის აკრძალვის მიუხედავად, ბიუჯეტის შემოსავლები არ შემცირდება – კანონპროექტი

მთავრობის დაგეგმილი ცვლილებებით, მას შემდეგ, რაც ონლაინ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდება, თამაში 1 000 000-მდე მოქალაქეს აეკრძალება.

კანონპროექტის ავტორების თანახმად, ეს გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 50 მლნ. ლარით შემცირებას.

თუმცა ეს შემცირება, თავის მხრივ, „დაკომპესირდება საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებით გათვალისწინებული საგადასახადო ტვირთის გაზრდით გამოწვეული ფისკალური შედეგებით“. კერძოდ:

„შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შენარჩუნების შემთხვევაში, აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში, მოგების გადასახადში 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი შეადგენს 175 მლნ ლარს“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ კანონის ინიცირებული სახით მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებიდან, მოგების გადასახადში შეადგენს 127 მლნ ლარს, ხოლო თანხის გატანის გადასახადიდან – 98 მლნ ლარს.

შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი ამ სფეროდან ჯამურად შეადგენს 225 მლნ ლარს, რაც შემცირდება დაახლოებით 50 მლნ ლარით, ასაკობრივ ზღვართან, აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა მიმართებაში კანონში განსახორციელებელი ცვლილებების გათვალისწინებით, – რადგან 1 000 000-მდე ადამიანს თამაში აეკრძალება.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში ჯამურად განისაზღვრება დაახლოებით 175 მლნ ლარით“, – წერია განმარტებით ბარათში.

განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების მიერ სულ ბიუჯეტში გადახდილი თანხა (მოსაკრებლები, გადასახადები) წლების მიხედვით ასეთი იყო:

  • 2017 წელს – 332,092,506 ლარი,
  • 2018 წელს – 393,195,562 ლარი,
  • 2019 წელს – 420,341,765 ლარი,
  • 2020 წელს – 241,429,051 ლარი.

2022 წლის 1 იანვრიდან

კანონპროექტის თანახმად, ონლაინ კაზინოები და სათამასო ბიზნესის ოპერატორები განახლებული წესით 2022 წლის 1 იანვრიდან დაიბეგრებიან.

პაკეტის ნაწილშია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრება, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოწყობისათვის დადგენილისა, არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ამასთან, ლატარიის მოწყობისათვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის „აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად“.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ:

  • „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ლატარიის ორგანიზატორი აღარ იხდის მოსაკრებელს;
  • იგი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ყოველკვარტლურად სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახდელს – ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს;
  • ამ ჯამური ღირებულების პროცენტის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
  • თავისი შინაარსით აღნიშნული წარმოადგენს მოსაკრებელს, რომლის ოდენობაც საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად უნდა განისაზღვროს კანონით. შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილება და ზემოაღნიშნული საკითხის კანონით დარეგულირება.

ავტორების თანახმად, კანონპროექტის ამოქმედებამდე არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი (კერძოდ, ლატარიის გადასახდელის დაანგარიშება ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან) „ვერ უზრუნველყოფს და აფერხებს სათამაშო ბიზნესის, კონკრეტულად კი, ლატარიის სექტორის, გამართულ ფუნქციონირებასა და განვითარებას“ რამდენიმე გარემოების გამო:

  • არსებული საგადასახადო მოდელით ლატარიის ორგანიზატორი ლატარიის გადასახდელს იხდის ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების იმ ნაწილზეც, რომელიც გაიცემა საპრიზო ფონდის სახით, რაც „არაგონივრულად ზრდის ლატარიის ორგანიზატორის ფინანსურ ტვირთს“;
  • არსებული საგადასახადო მოდელი იმდენად დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს ლატარიის ორგანიზატორს, რომ ლატარიის ორგანიზატორს არსებითად უმცირდება ბიზნესსაქმიანობაში რეინვესტირებისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური სახსრები;
  • არსებული საგადასახადო მოდელი ამცირებს ლატარიის ორგანიზატორის მიერ მარკეტინგული აქტივობებისათვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ფინანსური სახსრების მოცულობას, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ლატარიის გაყიდვების დინამიკაზე და, შესაბამისად, რეალიზებული ბილეთების ჯამურ მოცულობაზე.

შესაბამისად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მოქმედი საგადახდო მოდელით არსებითად მცირდება ლატარიის ორგანიზატორის ხელთ არსებული საბრუნავი კაპიტალის ოდენობა, რის შედეგადაც, ლატარიის ორგანიზატორს, აგრეთვე, არ აქვს საშუალება მოახდინოს სათანადო ფინანსური რესურსების რეინვესტირება ლატარიის განვითარების მიზნებისათვის.

კანონპროექტის ავტორების თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრას, ვინაიდან კანონპროექტით იცვლება ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების წესი და ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ნაცვლად ის უკავშირდება ლატარიის ერთობლივ შემოსავალს (ინგ. Gross Gaming Revenue), რომელიც წარმოადგენს სხვაობას ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის.

„კანონპროექტის შედეგად, ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებელი დაკავშირებული იქნება არა ბილეთების რეალიზაციის ჯამურ ღირებულებასთან, არამედ ლატარიის ერთობლივ შემოსავალთან, რაც ლატარიის ორგანიზატორს მისცემს ბრუნვის გაზრდის, გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების შესაძლებლობას“, – წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას პარლამენტარები ასაბუთებენ იმით, რომ ეს განპირობებულია „ამ კანონპროექტით განხორციელებული ცვლილების მნიშვნელობით ლატარიის ინდუსტრიისათვის და ამ ბიზნესსექტორის ჯანსაღი ფინანსური განვითარებისათვის“.


პარლამენტს 13 დეკემბერს წარედგინა კანონპროექტების პაკეტი აზარტული ონლაინ-თამაშების რეგულირებასთან, დაბეგვრის წესის ცვლილებასთან და აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ცვლილებები ორ პაკეტად არის დარეგისტრირებული.

პირველი პაკეტის ფარგლებში, ცვლილებები 8 კანონში შედის:

1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
2. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“
3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
6. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
7. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
8. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ხოლო მეორე პაკეტი ეხება საგადასახადო წესებს და აქ 5 კანონში შედის ცვლილებები:

1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
2. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
3. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
4. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
5. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

განმარტებით ბარათში ავტორები მიუთითებენ, რომ ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა სათამაშო ბიზნესის სფეროში საზოგადოების მაღალმა საჯარო ინტერესმა:

„დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი აუცილებელი რეგულაციების შემოღება და ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას“.

პაკეტი გულისხმობს 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, ასევე, დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი