სახელმწიფო კონსილიუმის წევრები, ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე და ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე გეგმური ვიზიტის ფარგლებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ.
ექიმების ინფორმაციით, ისინი გაეცნენ როგორც ანალიზების მაჩვენებლებს, ასევე გაესაუბრნენ თავად მიხეილ სააკაშვილსაც.
„პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. აქვს ჰემოგლობინი შემცირებული, პერიოდულად შედარებით მცირდება და მატულობს, თუმცა, თავისი ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი ჰემოგლობინი ისედაც არასდროს აქვს. არ აღენიშნება არცერთი ვიტამინის დეფიციტი, არ აქვს აქტიური ჰემოლიზი – ის, რაც ახასიათებს მის ქრონიკულ დაავადებას და მიუთითებს მის გამწვავებაზე. არ აქვს ეს გამწვავება ამ ეტაპზე. პერიოდულად არის სუსტად, დღის მეორე ნახევარში ეს სისუსტე გაცილებით უფრო თვალშისაცემია ხოლმე, რაც სავარაუდოდ, მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება. იღლება ვიზიტორებთან შეხვედრით, იმ ემოციებით, რასაც იღებს ტელევიზორიდან და ა.შ. აბსოლუტურად ადეკვატურად, ძალიან ხალისიანად გაგვა პასუხი“, – ამბობს ჟურნალისტებთან ნინო შარაშენიძე.
მისივე განმარტების, სააკაშვილმა უკვე დაასრულა ე.წ. რეფიდინგის (საკვების ხელახალი მიღების) მთელი პროგრამა და შესაბამის კალორაჟს იღებს.
ამასთანავე, შარაშენიძე ამბობს, რომ დღეიდან მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური მეთოდისტი იმუშავებს, რომელიც შეიმუშავებს სპეციალურ გეგმას ფიზიკურად გააქტიურებასთან დაკავშირებით.
„ხვალიდან უკვე კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება. მანამდე კვებაში გარკვეულ პროდუქტებს ვზღუდავდით, ხვალიდან იქნება ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე. კვებას ითვისებს ნამდვილად კარგად, იმიტომ, რომ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა – ცილა, მისი მაჩვენებელი ნორმაშია“, – ამბობს ელენე გიორგაძე და დასძენს, რომ მას ნორმაში აქვსმათ შორის კალიუმის მაჩვენებელი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.
შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.