ახალი ამბები

„ყველა საუბრობს შერიგებაზე, შევიკრიბოთ ეკლესიაში“ — მთავარეპისკოპოსი იაკობი

13 დეკემბერი, 2021 • 1146
„ყველა საუბრობს შერიგებაზე, შევიკრიბოთ ეკლესიაში“ — მთავარეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დღევანდელ ქადაგებაში საყოველთაო შერიგებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სივრცე შერიგებისთვის ეკლესია უნდა იყოს.

მთავარეპისკოპოსის თქმით, დღეს არაა ის დრო, როცა მხარე უნდა აირჩეს და მიიჩნევს, რომ ეკლესია ის სივრცეა, სადაც მხარეები ამ პროცესში ერთმანეთის ღირსებას მოუფრთხილდებიან.

მისივე თქმით, პატრიარქმა და ეკლესიამ იციან, რა გააკეთონ ერის გასაერთიანებლად.

“მე გამიხარდა ცალკეული პარტიების, თუნდაც ბოლოს პრეზიდენტის გამოხმაურება, მაგრამ თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების – ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ. ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსება გავუფრთხილდებით“, – ამბობს ეპისკოპოსი იაკობი.

მისი თქმით, ყველამ უნდა აღიაროს დაშვებული შეცდომები. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კი იმედს აძლევს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ბოდბელი ეპისკოპოსი ასევე აღნიშნავს, რომ შერიგება მათ უნდა მოახდინონ, ვინც რომელიმე კონკრეტულ მხარეს არ იჭერს:

“იმედით ვარ აღსავსე, რომ ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე და, მე ვფიქრობ, ვნახავთ გზას, შევიკრიბოთ ეკლესიაში. ჩვენ გვაქვს მძიმე სათქმელი ძალიან ბევრისთვის. მათაც თუ აქვთ რამე სათქმელი, გვითხრან და ჯობია ეკლესიაში მოხდეს იმიტომ, რომ ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და, რაც მთავარია, ყველაში უნდა მოხდეს შერიგება და ეკლესიამ ვიცით, ეს როგორ უნდა მოხდეს.

კარგად აკვირდებით, რომ სინოდის უდიდესი ნაწილი, პატრიარქიდან დაწყებული და მეც როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში. რამდენი ხანია ჩუმად ვარ იმიტომ, რომ არ მინდა ისეთი რამე გავაკეთო, რომ რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება“, – ამბობს ეპისკოპოსი იაკობი ქადაგებისას.

მისი თქმით, შერიგების პროცესის დასრულების შემდეგ არავინ უნდა დარჩეს ნაწყენი და ყველამ პრიორიტეტად დასახოს ქვეყნის ინტერესები:

„წელიწადზე მეტია ქვეყანას განვითარების საშუალება არ ეძლევა, ქუჩაში სირბილი, კალიების შემოსევა ხომ არ არის, რომ დავჭამოთ ერთმანეთი. ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრს ჰგონია, საქართველოს მხარეს დგას, მაგრამ არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. შეძლებისდაგვარად ნაკლები მსხვერპლით უნდა გავიმარჯვოთ ომში. როგორღაც უნდა შევიყვაროთ ქართველებმა ისევ ერთმანეთი. რომ უარესი არ დაგვემართოს და, მე ვფიქრობ, ერთმანეთთან მისასვლელი გზას ვნახავთ.

საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს ისეთი, რომ შერიგების შემდეგ ნაწყენი დარჩეს. რა მრწამსის და ეროვნებისაც არ უნდა ვიყოთ, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, საერთო ჩვენი საქართველოა და ამ საქართველოსთვის გავერთიანდეთ. ჩვენი პატრიარქი მინდა დავლოცო, გავაწამეთ კაცი.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩაიბარა როგორი ეკლესია, როგორ ძალაზე მოგვიყვანა. კარგად ხედავთ, მედროვეები როგორ უტევენ პატრიარქს და ეკლესიას. ბევრი შეიძლება გაამტყუნო, მაგრამ ასეთი გარჩევების დრო, მით უმეტეს, გარეთ, დღეს არ არის. უნდა დავჯდეთ და მე ვფიქრობ, რომ ყველა სათქმელსაც ვიტყვით და იმასაც მივაღწევთ, ღმერთმა გულებიც გაგვითბოს, გონებაც გაგვინათოს და გონიერი გულით მივუდგეთ ყველაფერს“ ,- აცხადებს მთავარეპისკოპოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი