ავტორი: ნიკა მუსავი
გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში ორი გადაწყვეტილება გამოიტანა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის საქმეებზე. სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა, შეწყვიტოს სომხების დისკრიმინაცია საკუთარ ტერიტორიაზე, სომხეთის ხელისუფლება კი – შეწყვიტოს აზერბაიჯანელების დისკრიმინაცია. ამასთან, გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები სასამართლოს არ აქვს.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა, არ გაანდგუროს სომხური კულტურული ძეგლები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მეორე ყარაბაღის ომის დროს მის კონტროლქვეშ გადავიდა.
თავის მხრივ, სომხეთმა, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, “უნდა მიიღოს ყველაზე ზომა ესკალაციისა და აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის გაღვივების შესაჩერებლად, მათ შორის, ორგანიზაციებისა და ცალკეული ინდივიდების მხრიდან. ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა, ან უბრალოდ, თავი მოაჩვენეს ერთმანეთს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება “მათი გამარჯვებაა”. თუმცა აზერბაიჯანში ზოგიერთი ექსპერტი ამ “გამარჯვებას” სკეპტიკურად უყურებს.
პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი მიიჩნევს, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობის გადაჭარბება არ ღირს.
“ფაქტობრივად, სასამართლომ ორივე მხარეს უთხრა ის, რისი მოსმენაც უნდოდათ. მით უმეტეს, გაეროს სასამართლოს არ გააჩნია საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები. გავიხსენოთ 1993 წელს მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია ყარაბაღზე. რა ბედია ეწია მათ? ანდა რა ბედი ეწია საქართველოს, ყირიმის და ყოფილი იუგოსლავიის შესახებ რეზოლუციებს? ეს რეზოლუციები კონფლიტებზე არ ასახულა. გადამწყვეტი სიტყვა მაინც კონფლიქტის მხარეებს, ან რუსეთსა და NATO-ს დარჩათ”.
ექსპერტის მოსაზრებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ისედაც დებდა სომხური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პირობას. რაც შეეხება დანარჩენ ორ პუნქტს, რომელიც სასამართლომ არ დაუკმაყოფილა სომხეთს – “ტყვეების დაბრუნება” და “ომის ნადავლის პარკის დახურვა” – ერთი მათგანი, ასევე, თითქმის დაკმაყოფილებულია.
“ტყვეების დაბრუნების პროცესი, ჯერ კიდევ სასამართლომდე, რუსეთის შუამავლობით დაიწყო”.
2021 წლის გაზაფხულზე ბაქოში გახსნილ “ომის პარკთან” დაკავშირებული სიტუაცია ასევე შეიცვალა: ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში იქიდან გაიტანეს მანეკენები, რომლებიც გამოსახავდნენ სომეხ სამხედროებს. ასევე, უკვე გადატანილია დაღუპულ სამხედროთა ჩაფხუტები – ანუ ყველა ის ექსპონატი, რომელთაც არაერთგვაროვანი რეაქციები და მწვავე დისკუსიები გამოიწვია თავად აზერბაიჯანშიც.
მართალია, პარკის თანმშრომლებმა სადავო ექსპონატების გატანა “საჭირო რესტავრაციით” ახსნეს. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებით აზერბაიჯანმა სასამართლო გადაწყვეტილებას დაასწრო. ახლა პარკში მხოლოდ სამხედრო ტექნიკაა დარჩენილი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ეს სამხედრო ტექნიკა არავის ნაციონალურ ღირსებას არ აკნინებს. შესაბამისად, ფორმალურდ, პარკის დახურვის საჭიროებაც აღარ დგას.
შაჰინ რზაევის აზრით, ნაცვლად დროის ფუჭად კარგვის და სასამართლო გარჩევებზე ფულის ხარჯვისა, დროა, ორივე მხარემ სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს. შერიგების შესახებ განცხადება, რომელიც 2020 წლის ნოემბერში რუსეთის ზეწოლით გააფორმეს მხარეებმა, მრავალ წინააღმდეგობას და სამართლებრივ ინტერპრეტაციას შეიცავს.
“აზერბაიჯანელთა სიძულვილის პროპაგანდა არ არსებობს” | რას ფიქრობენ სომხეთში ჰააგის გადაწყვეტილებაზე
რეალურად, მოწოდებები “დისკრიმინაციისა და სიძულვილის გაღვივების შეჩერებაზე”, თუნდაც ის საერთშორისო სასამართლოსგან მომდინარეობდეს [ჰააგის ტრიბუნალთან არ უნდა აგვერიოს, რომელიც სამხედრო დანაშაულებს იხილავს], საკმაოდ აბსტრაქტულად ჟღერს და უფრო მოჩხუბარი ბავშვების დაშოშმინებას წააგავს. მით უმეტეს, სომხეთიც და აზერბაიჯანიც, როგორც ჩანს, დარწმუნებული არიან, რომ ეს მოწოდებები არა მათ, არამედ ოპონენტებს მიემართება და სწორედ მეორე მხარემ უნდა “შეწყვიტოს” და “არ გააღვივოს შუღლი”.
მაშინ, რას შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულების შემცირებაზე ორივე საზოგადოებაში? უკვე ნახსენები სამშვიდობო შეთანხმების გარდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის, თუ როგორ მიეწოდება ინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტისა და ორივე ომის შესახებ ახალ თაობას.
დამოუკიდებელი მკვლევარი და ბაქოს ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელი სეიმურ იბრაჰიმოვი [სახელი შეცვლილია] ამბობს, რომ ამჟამინდელი სახელმძღვანელოები სამშვიდობო როლს ვერ შეასრულებს.
“მთლიანობაში, ისტორიის სახელმძღვანელოები სომხურ-აზერბაიჯანულ მტრობას ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან საკმაოდ “სისხლიანად” აღწერს. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სასკოლო პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა და ფაკულტატიური საგნის, “ყარაბაღის ისტორიის” ნაცვლად, რომელიც მეშვიდე კლასში ისწავლებოდა, მეცხრე კლასში ახალი ფაკულტატივი “გამარჯვების ისტორია” შეიტანეს. ასევე, გამოიცა ილუსტრირებული სახელმძღვანელო ომზე და ომის შემდეგ მოვლენებზე, რომელშიც აზერბაიჯანული მხარის გმირობების შესახებაა ნაამბობი.
იბრაჰიმოვის აზრით, არც აზერბაიჯანში სკოლის სახელმძღვანლოების ტექსტები და არც ახალი ისტორიის რომელიმე თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები არ უწყობს ხელს იმას, რომ სკოლის მოსწავლეებში ანტიმილიტარიზმი და ტოლერანტობა გააღვიძონ. ამასთან, მისი აზრით, თავად აზერბაიჯანის ხელისუფლება ამაში მხოლოდ ირიბად ერევა.
“კი, გასაგებია, რომ საწყისი გზავნილები ხელისუფლებისგან მომდინარეობს, თუმცა ადგილობრივი ჩინოვნიკები, დაწყებული სახელმძღვანელოების შემდგენლებით და დამთავრებული სკოლის დირექტორებით, იმაზე მეტ ენთუზიაზმს გამოხატავენ, ვიდრე ევალებათ. სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი იმ რიტორიკაზე, რომელსაც სახელმძღვანელობის ფურცლებიდან და საკლასო ოთახებში ვისმენთ”.
მკვლევარი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად რომ გადაწყვიტოს, ხალხი შეარიგოს სომხებს, ეს არავის გამოუვა, რადგან ხალხი ამისთვის მზად არაა.
“ვერ ეტყვი ხალხს, რომ “ახლა მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ” , რადგანაც ათწლეულებია, მტრის ხატით გაცხოვრებენ, სულახლახან კი მტერზე გამარჯვება იზეიმეს. ასე რომ, პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა ამას აღარ უშველის, დიდი დრო დაჭირდება ხედვების შეცვლას და შერიგებას”.
იმისთვის კი, რომ აზერბაიჯანის [ისევე როგორც სომხეთის] ხელისუფლებები რეალურად იყვნენ დაინტერსებული შერიგებაში და შუღლისგან გათავისუფლებაში, როგორც ის ამბობს, საჭიროა მუდმივი და სერიოზული ზეწოლა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს მხრიდან. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს ვერ უშველის.