ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანელთა სიძულვილის პროპაგანდა არ არსებობს” | რას ფიქრობენ სომხეთში ჰააგის გადაწყვეტილებაზე

10 დეკემბერი, 2021 •
“აზერბაიჯანელთა სიძულვილის პროპაგანდა არ არსებობს” | რას ფიქრობენ სომხეთში ჰააგის გადაწყვეტილებაზე

ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


ჰააგის სასამართლომ ერევნისგან და ბაქოსგან მოითხოვა, შეაჩეროს რასობრივი სიძულვილისა და დისკრიმინაციის გაღვივება და გავრცელება. სომხეთში ამ მოთხოვნამ, რბილად რომ ვთქვათ, გაოცება გამოიწვია. ერევანში ფიქრობენ, რომ თუ აზერბაიჯანში სახელმწიფო დონეზე ხდება არმენოფობიის პროპაგანდა, სომხეთის ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯები არასოდეს წაუხალისებია.

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის საქმეებზე ორი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა, შეწყვიტოს სომხების დისკრიმინაცია საკუთარ ტერიტორიაზე, სომხეთის ხელისუფლება კი  – შეწყვიტოს აზერბაიჯანელების დისკრიმინაცია. ამასთან, გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები სასამართლოს არ აქვს.

საერთაშორისო სასამართლოს გადაწვეტილებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში, როგორც ხელისუფლება, ასევე, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, სომხების ეთნიკური ნიშნით დევნას ახლისებენ.

სომხეთში პოლიტიკის ექსპერტები აცახდებენ, რომ მსგავსი პოლიტიკა სომხეთში არც სახელმწიფო და არც სამოქალაქო დონეზე არ ტარდება.

პოლიტიკური ექსპერტის, სომხეთის ყოფილი ომბუდსმენის, ლარისა ალავერდიანის განცხადებით. ჰააგის სასამართლო, როგორც წესი, “ფრთხილ” გადაწყვეტილებებს იღებს და არასოდეს მიმართავს მხარეებს სახელობითი მოწოდებებითა და მოთხოვნებით.

“ჰააგის სასამართლომ პარიტეტული გადაწყვეტილება მიიღო. ეს მისი ტიპური ხელწერაა და არ უნდა ველოდეთ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებისგან ობიექტურ შეფასებას.

სომხეთში სიძულვილის პროპაგანდა აზერბაიჯანელების მიმართ ეთნიკური ნიშნით არ ხორციელდება. პირიქით, სომხეთში დღევანდელი ხელისუფლება აზერბაიჯანთან და თურქეთთან მეგობრობის მზაობის შესახებ თეზისებს ახმიანებს. მეტიც, მმართველ ძალაში არიან ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში სომეხ სამხედრო ტყვეებს კარგად ექცევიან. შესაბამისად, სახელმწიფო დონეზე რომელ სიძულვილის პროპაგანდაზეა საუბარი?!”, –  აცხადებს ალავერდიანი.

იდენტურ მოსაზრებას იზიარებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამართლებრივი გზის” თანადამფუძნებელი რუბენ მელიქიანი.

როგორც მელიქიანი ამბობს, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და ამასთან, რა არგუმენტებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობოდნენ მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებამდე, მისთვის უცნობია.

თუმცა, როგორც ის ცხადებს, არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ სომხეთში, შესაძლოა არსებობდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილს გრძნობენ თუნდაც იმის გამო, რომ აზერბაიჯანში ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ასწავლიან ბავშვებს “არ უყვარდეთ” სომხები.

“ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუკი რომელიმე ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე სხვა ეთნიკური ჯგუფისადმი რაიმე სიძულვილის პროპაგანდა არსებობს, ზუსტად ეს ხდება მეორე ერის სიძულვილის მიზეზიც. აზერბაიჯანში წახალისებულია არმენოფობია, ეროვნული გმირია ის აზერბაიჯანელი, რომელიც სომეხს თავს წააცლის და, რასაკვირველია, ამ კონტექსტში, სომხეთშიც მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამას ვერ ეგუება”, – ამბობს რუბენ მელიქიანი.

სომხეთმა სასამართლოს  2021 წლის სექტემბერში მიმართა  და აზერბაიჯანის ხელისუფლება დაადანაშაულა ყარაბაღის ომის დროს და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის ნაწილში საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში. მალევე სასამართლოს მიმართა აზერბაიჯანულმა მხარემაც. ბაქომ სომხეთის ხელისუფლება დაადანაშაულა 2020 წლის ომის მსვლელობისას ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გატარებაში, აზერბაიჯანული კულტურის გადანდგურებაში და სიძულვილის გაღვივებაში.

იმ დღეს, როდესაც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, საერთაშორისო სასამართლომ ასევე გაახმოვანა საკუთარი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სარჩელზე დაუყოვნებლივი ზომების მიღების შესახებ.

საკუთარ სარჩელში ბაქო ამტკიცებდა, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ პერიოდშიც სომხეთი ზღუდავს ეთნიკური აზერბაიჯანელების დაბრუნებას მათ ყოფილ მიწებზე, რადგანაც აღნიშნული ტერიტორიები დანაღმულია და ამასთან, სომხეთი აზერბაიჯანს დანაღმული მარშრუტების რუკებს არ აწვდის.

“აზერბაიჯანს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმისა, რომ სომხეთის მიერ ტერიტორიების შესაძლო დანაღმვის მიზანი “ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებების წართმევა” იყო”, – განაცხადა მოსამართლემ.

დადგენილების თანახმად, სასამართლომ სომხეთი არ დაავალდებულა, რაიმე ნაბიჯები გადადგას აზერბაიჯანის დასახმარებლად ტერიტორიების განნაღმვის საკითხში. ამასთან, რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კომიტეტი, მოსამართლის აზრით, ვერ მიიღებს  სომხეთის მიერ დანაღმვითი სამუშაოების შეჩერებისკენ მიმართულ ზომებს.

საქმეები “სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ” და “აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ” გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” საერთაშოროსო კონვენციის შესაბამისად განიხილება.

ჰააგის სასამართლო აგრძელებს საჩივრების განხილვას. აღნიშნული პროცესი კი, შესაძლოა, წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს.

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის, არა კაზარიანისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ გაეროს სასამართლომ სიფრთხილე გამოიჩინა.

არა კაზარიანი განსაკუთრებით ერთი პუნქტის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომლის შესაბამისად, სომხეთის მოთხოვნა ტყვეების დაბრუნებაზე არ დაკმაყოფილდა. მისი განმარტებით, ტყვეების დაბრუნება არ წარმოადგენს “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” საკითხს, რადგანაც ის ჰუმანიტარული საკითხია და, შესაბამისად, კონკრეტულ გადაწყვეტილებაში მსგავსი მოთხოვნა ბაქოს მიმართ არ დაყენებულა.

ამავე დროს, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სომეხი ტყვეები აზერბაიჯანში არ უნდა გახდნენ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო და უნდა იყვნენ დაცული ძალადობისა და ფიზიკური ზიანისგან.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ჰააგის სასამართლოს აქვს საფრთხის განცდა, რომ აზერბაიჯანის ციხებში სომეხი ტყვეები შეიძლება ძალადობის მსხვერპლი იყვნენ სწორედ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო”.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს ყურადღების გამახვილებისა და პრობლემების გადასაჭერელად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.

ეგიშე კირაკოსიანი, რომელიც ჰააგაში სომხეთის ინტერესების დამცველია, აცხადებს, რომ სომხეთი აზერბაჯანისგან აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პრაქტიკულ ნაბიჯებს მოელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი