ახალი ამბები

ნატომ 2008 წელს დაადასტურა, რომ კარი ღიაა უკრაინასა და საქართველოსთვის — ბლინკენი

13 დეკემბერი, 2021 • 1327
ნატომ 2008 წელს დაადასტურა, რომ კარი ღიაა უკრაინასა და საქართველოსთვის — ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ნატოს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღიაა.

„ალიანსი, დღიდან დაარსებისა, ცხადად ამბობდა, რომ მისი კარი ღია იქნებოდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც წევრობას მოისურვებდა და აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა“, — განაცხადა ენტონი ბლინკემა 12 დეკემბერს NBC News-სთან ინტერვიუში.

„ალიანსმა 2008 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვისაც, და თუკი ისინი განაგრძობენ წევრობისკენ სწრაფვას და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა NBC News-სთან ინტერვიუში ასევე განაცხადა:

„ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისაა, – 2014 წელს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შევიდა, – ყველაფერს, რაზეც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ სურს, თავიდან აიცილოს, პროვოცირებას უწევს საკუთარი ნაბიჯებით. საქმე ისაა, რომ მანამ, სანამ ყირიმს ჩაიგდებდა ხელში, სანამ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდოდა, უკრაინაში დიდი საჯარო მხარდაჭერა არ ჰქონია ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრებას. ეს შეიცვალა“, — აცხადებს ენტონი ბლინკენი.

„ანალოგიურად, ნატოს უწევს, უკეთ დაიცვას თავი და უკეთ მომზადებული ძალები ჰყავდეს რუსეთთან ახლოს, რაზეც პუტინი ასევე ამბობს, რომ არ სურს. მარტივად რომ ვთქვათ, მან დააჩქარა ის, რისი თავიდან აცილებისკენაც ისწრაფოდა“, – თქვა ბლინკენმა ინტერვიუში, ბოლოს კი დასძინა:

„მაგრამ, კიდევ ერთხელ,  არსებობს ბევრად უკეთესი გზა, – დეესკალაციის, დიპლომატიის გზა. პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რა შედეგები მოჰყვება აგრესიას. ვფიქრობ, მან ასევე იცის, რომ ამ გზის გაყოლა მის ინტერესებში არ შედის“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოსთან დაკავშირებით 10 დეკემბერს მიმართვა გაავრცელა და აშშ-სგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული, რის გამოც დიალოგი აუცილებლად მიაჩნია.

ამ მიმართვაში რუსეთი  მთავარ აქცენტს უკრაინაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა რეგიონში ვითარებას ძაბავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 დეკემბერს განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეოს განცხადებას და მას „მიუღებელი“ უწოდა.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი