ახალი ამბები

მერიის სქემა და მონოპოლისტები

14 თებერვალი, 2010 • 1545
მერიის სქემა და მონოპოლისტები

“ბათუმელების” გამოძიებით დგინდება, რომ “ბათუმის წყალი” და “სანდასუფთავება” სოციალურად დაუცველ ოჯახებს იმ გადასახადებს სთხოვს, რასაც მათ მერია უფინანსებს. ფიქსირდება თანხის ორმაგი გადახდის ფაქტიც. მერიის კომპანიებს დღემდე ბიუჯეტიდან ტენდერების, სუბსიდიებისა და მიზნობრივი პროგრამების გზით 20 მილიონი ლარი აქვთ მიღებული.

სამი შვილის დედა, ნუნუ მიქელაძე ბათუმში, ტაბიძის ¹25-ში ცხოვრობს. ხუთი წელია რაც მეუღლე გარდაეცვალა. ოჯახის საერთო შემოსავალი 165 ლარია (მარჩენალ დაკარგულის პენსიას იღებს). სოციალურ ფონს ტყუპების დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო ამძიმებს. მას დიაბეტი აქვს და შესაბამის დისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფება. გარდა ამისა, 38 წლის ქალბატონს სახსრების ანთებაც აწუხებს, რის გამოც ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია. მიქელაძეები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი.

ნუნუ მიქელაძემ ზუსტად იცის, რომ დღეში მხოლოდ 3-4 ლარი უნდა დახარჯოს. ეს თანხა კი სადილს და ჰიგიენურ საშუალებებს უნდა გასწვდეს. ამიტომაც ყოველი თვის ბოლოს 165 ლარს სამად ანაწილებს. მეორე ნაწილით ელექტროენერგიის გადასახადს იხდის. ნაწილ თანხას კი ტრანსპორტის ხარჯებისთვის ზოგავს. ქალბატონი ამბობს, რომ ვალები დიდად არ უყვარს. მიუხედავად ამისა, მას სახელმწიფო დავალიანებაც აქვს, გარდაცვლილი მეუღლის სახელზე “შპს ბათუმის წყალი” და ქ.ბათუმის მერია ყოველთვიურად ერთ ქვითარს უგზავნის _ მოხმარებული წყლის, კანალიზაციის საფასურს და დასუფთავების მოსაკრებელს სთხოვს.
ნუნუ მიქელაძე ამ ქვითრებს გვიჩვენებს. ქვითარი, რომელიც 2009 წლის 5 მარტით არის დათარიღებული, “ურჩ აბონენტს” ახსენებს, რომ მიმდინარე თვეში წყლისა და კანალიზაციის საფასური შეადგენს ჯამში 7,39 ლარს, სულ კი გადახდას 195 ლარი ექვემდებარება. დასუფთავების მოსაკრებელი მიმდინარე თვეში 3.60 ლარია (ოთხ წევრზე), ქვემოთ კი მითითებულია, რომ ექვემდებარება გადახდას 63,10 ლარი. ასევე ქვითარში წერია, რომ ეს თანხა არის დავალიანება _ ბათუმის მერია და შპს “ბათუმის წყალი” დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

მომდევნო თვის ქვითარზე, თანხა, შესაბამისად, გაზრდილია _ მიქელაძეებს ახსენებენ, რომ გადასახდელი თანხა უკვე შეადგენს 210,15 ლარს. ნუნუ მიქელაძე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (მისი სარეიტინგო ქულა 66 420-ია), ის ბათუმის მერიის მიზნობრივი პროგრამის ბენეფიციარია. პროგრამის თანახმად კი მერია 0-დან 70 000 ქულის მქონე ოჯახებს კომუნალურ გადასახადებს უხდის. “ბათუმელებმა” ბათუმის მერიიდან გამოითხოვა ბენეფიციართა სია. აღმოჩნდა, რომ მიქელაძეების ოჯახი ამ სიაში მართლაც არის. მიუხედავად ამისა, უკვე ორი წელია მიქელაძეების დავალიანება ყოველთვიურად იზრდება.

შ.მ. ორ შვილთან ერთად მამინაცვლის სახლის ერთ ოთახს აფარებს თავს. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო შვილები ბავშვთა სახლში ჰყავდა, რომლებიც ახლახან გამოიყვანა. ამ ქალბატონს, ნუნუ მიქელაძისგან განსხვავებით, დავალიანება ნაკლები აქვს. მიზეზი ორია: გადასახადს ორ წევრზე იხდის და მეორე და მნიშვნელოვანი _ მან “დავალიანების” ნაწილი გადაიხადა.
ამ ქალბატონს 2009 წლის 15 ივლისს სახალხო ბანკის ფილიალში შპს “ბათუმის წყლის” ანგარიშზე 36 ლარი აქვს გადარიცხული. მაშინ, როცა ქულათა რაოდენობის მიხედვით (42 670) იგი უმწეო მდგომარეობაში მყოფთა კატეგორიას განეკუთვნება. ქალბატონის თქმით, ის არავის გაუფრთხილებია, რომ თანხა გადასახდელი არ ჰქონდა. კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებული რომ არის, ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო, მერიის ჯანდაცვის სამსახურში. “თანხის დაბრუნების მიზნით “ბათუმის წყალში” წავედი. იქ ქალბატონმა დამარწმუნა, რომ ეს თანხა გადასახდელი იყო და გადასახადისგან ნაწილობრივ ვარ გათავისუფლებული”, _ ამბობს მ.შ. (გადახდის ქვითარი ამ დროისთვის “ბათუმელებში” ინახება. ქალბატონმა გვთხოვა, მისი ვინაობა არ დავასახელოთ, რადგან მიიჩნია, რომ შესაძლოა მერიის პროგრამებით სარგებლობის უფლება აღარ მისცენ).
ეს კონკრეტული ფაქტი მიუთითებს, რომ ბენეფიციართა ნაწილი თანხას იხდის საკუთარი შემოსავლებიდან, მაშინ, როცა მათი გადასახადებისთვის ბიუჯეტში თანხა გამოყეს და  დაიხარჯა კიდეც. ანუ გამოდის, რომ “ბათუმის წყალს” ერთსა და იმავე გადასახადს უხდის როგორც მოსახლეობა, ასევე მერია.

ბათუმის მერია მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას ბენეფიციარებს არ ურიცხავს. თანხა ერთ შემთხვევაში მერიის დაფუძნებულ შპს “ბათუმის წყლის” ანგარიშზე, მეორე შემთხვევაში (სანდასუფთავების მოსაკრებელი) კი პირდაპირ ბიუჯეტში ირიცხება.

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი _ ჯემალ ანანიძე არ უარყოფს, რომ პროგრამაში ჩართული მოქალაქეები ქვითრებს ნამდვილად იღებენ “ბათუმის წყლიდან”, “რადგან ვერ მოხერხდა ახალი პროგრამის შემუშავება. მარტის შემდეგ კი ეს ხარვეზი გამოსწორდება. რაც შეეხება მოქალაქეების მიერ გადახდილ თანხას, თუ ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო, მათ თანხა უკან უნდა დაუბრუნდეთ, მათივე განცხადების საფუძველზე”.

კავშირი “პროგრესი“ მერიის ამ კონკრეტული პროგრამის მონიტორინგს ახორციელებდა. ნინო გაბუნია _ “პროგრესის” ხელმძღვანელი: “მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მერიის პროგრამების მთავარი ხარვეზი ბენეფიციარების ინფორმირებულობის დაბალი დონეა. ამ პროგრამის შესახებ მოსარგებლე ბენეფიციართა მხოლოდ 22-პროცენტი იყო ინფორმირებული (450 რესპონდენტი გამოიკითხა), რაც იმის მანიშნებელია, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცალკეული შემთხვევები არ იქნება”.

ნოდარ ხადური _ ეკონომიკის ექსპერტი: “დაფინანსების ფორმაზე, რომელიც ამ შემთხვევაში ბათუმის მერიას აქვს შერჩეული, კითხვები ჩნდება. ვფიქრობ, საქმე გვაქვს თანხების არაეფექტურ ხარჯვასთან. ადგილი აქვს თანხის გაორებასაც. როგორც ჩანს, ეს არ არის მიზანმიმართული იქითკენ, რომ მერია დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს. გამოდის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არაფერი იციან ამ დახმარების შესახებ, პირიქით _ თავიანთი ჯიბიდანაც იხდიან ამ გადასახადს… ამ ფაქტით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ“.

გაზრდილი  სტატისტიკა

“სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების პროგრამის “განხორციელება ბათუმის მერიამ 2008 წლიდან დაიწყო. 2008 წელს პროგრამისთვის  ბიუჯეტიდან 344 380 ლარი გამოიყო და 3 350 ოჯახს დაეხმარნენ.

2009 წელს, თავდაპირველად, ბიუჯეტში პროგრამისთვის 514 500 ლარი ჩაიდო. ბენეფიციართა რაოდენობა კი 13 ათასით განისაზღვრა. პროგრამაში ცვლილება 2009 წლის აგვისტოში შევიდა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ხუთასით შეამცირეს. თუმცა რატომღაც, აგვისტოში დაამატეს მოსარგებლეთა კატეგორიები: მარტოხელა დედები, მათი შვილები (700 წევრი) და მრავალშვილიანი ოჯახები (280 წევრი). პროგრამაში ცვლილება ორი თვის შემდეგ ისევ შევიდა: 0-დან 70 000-მდე ქულის მქონე ბენეფიციართა რიცხვი 9300-მდე შეამცირეს და საკრებულოს გადაწყვეტილებით თანხაც შემცირდა.

მერიის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ სტატისტიკას მათ სოციალური მომსახურების სააგენტო აწვდის. “ბათუმელები” დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს. მინური აბულაძემ განაცხადა, რომ მერიას ის სტატისტიკა მიაწოდა, რაც მათ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

2009 წლის იანვრის მდგომარეობით, ბათუმში რეგისტრირებულ ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 70000-მდე, 8 943-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ მერიას, პროგრამის თანახმად, ბენეფიციარების რაოდენობა 4057-ით აქვს გაზრდილი. ეს სხვაობა მხოლოდ იანვარში არ ყოფილა (იხილეთ მოცემულ ცხრილში).

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა? თავდაპირველად, მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, ჯემალ ანანიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მერიის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობას შორის შეუსაბამობა გამორიცხული იყო. მოგვიანებით კი, როდესაც ცხრილი შევადგინეთ და კონკრეტული კითხვებით მივმართეთ, ჯემალ ანანიძემ დაადასტურა, რომ ამ ციფრებს შორის არის სხვაობა. თუმცა განმარტა, რომ მერიის კომპანიების ანგარიშზე ყოველთვიურად თანხა სააგენტოს მონაცემებით ირიცხება. ანანიძე დარწმუნებულია, რომ 2009 წლის ანგარიშში, რომლის წარდგენის ვადაც მარტამდე აქვს მერიას, ეს დოკუმენტურადაც აისახება. 2009 წელს, ოქტომბერში, ცვლილების შედეგადად გამოთავისუფლებული თანხა თუ რას მოხმარდა, ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი მერიაში ვერ მივიღეთ.

მაგრამ მერიამ 2010 წლის იმავე მიზნობრივი პროგრამისთვის 611 190 ლარი გამოყო. 0-დან 70000-მდე ქულის მქონე ბენეფიციართა რაოდენობა კი 11 850 განსაზღვრა (ამას ემატება მარტოხელა დედები და მათი შვილები _ 700, მრავალშვილიანი ოჯახები _ 280). სოციალური სააგენტოს ვებ-გვერდზე კი წერია, რომ იანვარში ამ კატეგორიის მოსახლეობის რიცხვი 9234-ია. ანუ ამ ორ მონაცემს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა წელსაც სახეზეა: ისე, როგორც შარშან, ამ პროგრამაში, წელსაც თითქმის ორმაგი თანხაა ჩადებული. ეს, სავარაუდოდ, მერიას ისევ მისცემს დარჩენილი თანხის ათვისების საშუალებას, პროგრამაში ახალი კატეგორიის მოსახლეობის ჩართვით, იმ შემთხვევაში თუკი შპს “ბათუმის წყალს” დავალიანების ამოღება გაუჭირდება.
ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის მერია კომუნალურ ხარჯებს ომის ვეტერანებს, მათთან გათანაბრებულ პირებს, ომში დაღუპულთა ოჯახებს და მარჩენალ დაკარგულებსაც უნაზღაურებს. მერიის 2010 წლის პროგრამის მიხედვით ეს შეღავათი 1700 ბენეფიციარს შეეხება. 

კითხვაზე _ მსგავსი ფაქტები ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ მერიამ მოიფიქრა სქემა, ბიუჯეტის ფულით შეინახოს მის მიერვე დაფუძნებული კომპანიები? _ ანანიძე პასუხობს: “ჩვენი ძირითადი მიზანი მოსახლეობის დახმარებაა”. თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ამ შეღავათით სარგებლობს “ბათუმის წყალი”, რომელსაც აბონენტებისგან დავალიანების ამოღება უჭირს. ბოლო მონაცემით მოსახლეობის დავალიანება ორ მილიონ ლარს აჭარბებს.
უკვე ორი წელია “ბათუმის წყალს”, სუბსიდიის სახით, ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის დავალიანების თანხას _ დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარსაც აძლევენ. ასევე ბიუჯეტში ჩაიდო თანხა მეორადი ტუმბოების შესაძენადაც.

ახალი მონოპოლისტები
ბათუმის მერია სულ ოთხი კომპანიის დამფუძნებელია. სამს ბაზარზე თითქმის სრული მონოპოლია აქვს მოპოვებული (ბათუმის “დინამო” გამოირიცხება). ეს კომპანიები 2006 წელს ახალი სტატუსით დარეგისტრირდნენ (მას შემდეგ, რაც გაკოტრების რეჟიმზე გადავიდნენ). “ბათუმის წყალი“ ბუნებრივად არის მონოპოლისტი, რაც არ შეიძლება ითქვას შპს “სანდასუფთავებაზე‘‘. ეს კომპანია მერიის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერებში იმარჯვებს და ამ გზით მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით თერთმეტი მილიონი ლარი აქვს მიღებული…

“სანდასუფთავებიდან“ გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2006 წელს ამ კომპანიას ქალაქის დასუფთავებისთვის ტექნიკის დიდი ნაწილი იჯარით აქვს აღებული. შემდეგი  მონაცემებით კი ირკვევა, რომ ტენდერებში მიღებული თანხით კომპანია ახალი ტექნიკის შეძენასაც ახერხებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ კონკურენციის ნიშანი ბაზარზე თანდათანობით ქრება.
პრივილეგირებულ მდგომარეობაშია შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტიც”. მას ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 2, 500 მილიონი ევრო (ეს სესხი მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აიღო) და ორი მილიონი ლარი; გასული წლის ბიუჯეტში 40 000 ლარი გამოიყო ავტოპარკინგის პროექტის მომზადებისთვის. 2010 წელს კი ავტოტრანსპორტის პარკინგის განახლებისთვის მილიონ ნახევარია გათვალისწინებული.
საერთო ჯამში, მერიის სამ კომპანიას ბათუმის ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ფორმით, 20 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ბათუმის მერია ხელოვნურად ხომ არ უწყობს ხელს მონოპოლისტების წარმოშობას? მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი _ ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ შესაძლოა ეს პრეტენზია ბათუმის ავტოტრანსპორტთან დაკავშირებით საფუძველსმოკლებული არ არის, მაგრამ ეს პროცესი გარდაუვალი იყო.

ექსპერტი _ ნოდარ ხადური კი აცხადებს, რომ „საქართველოში არსებობს კანონი“ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, რომელიც პირდაპირ უკრძალავს სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის თვითმმართველობას, გაატარონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ერთ კომპანიას ჩააყენებს უკეთეს მდგომარეობაში სხვა კომპანიებთან შედარებით. ბათუმის მერიის და შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის‘‘ ურთიერთობა ამ კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის მაგალითია. მერიის მხრივ, ფინანსური ჩარევით კონკურენცია ხელოვნურად დაბრკოლდა და მონოპოლიის საფრთხე შეიქმნა“.

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის~ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის“(NED)  და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს „გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი