პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ ქვეყნიდან სამკურნალოდ გასვლის ნებართვა მისცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელი ავრცელებს:
„რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა, მიიღეს გადაწყვეტილება – მამას სამკურნალოდ წავიყვან“, – ამბობს ვატო წერეთელი.
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა გუშინ განაცხადა, რომ პროკურატურა 4 დღის განმავლობაში არ აძლევდა ავთანდილ წერეთელს ქვეყნიდან სამკურნალოდ გასვლის შესაძლებლობას. ვატო წერეთელი ამბობდა, რომ რამდენიმე თვის წინ მამამისმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ახლა დამატებითი მკურნალობა სჭირდება:
„6 თვის უკან მამას უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბო. ახლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ. 4 დღის წინ მივმართეთ პროკურატურას, რომ მისცენ საშუალება გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა პროკურატურა პასუხსაც არ გვცემს.
ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა, ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე ხნის უკან იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. ეს რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა ჩემს ოჯახზე, მე დავადასტურებ”, – ამბობდა ვატო წერეთელი.