ახალი ამბები

ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიური სახეობების პირველადი სიიდან ამოიღეს

10 დეკემბერი, 2021 • 1920
ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიური სახეობების პირველადი სიიდან ამოიღეს

ძალოსნობა, კრივი და პენტატლონი 2028 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამის პირველად სიაში აღარაა. როგორც NBC წერს, სპორტის სამივე სახეობა ამ დრომდე არის 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამაში.

NBC აღნიშნავს, რომ კრივი და ძალოსნობა ოლიმპიურ თამაშებზე 1920 წლიდან იყო ყოველი შეჯიბრების პროგრამაში, პენტატლონი კი ოლიმპიურ თამაშებზე 1912 წლიდან შეიტანეს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა, თუმცა სპორტის ამ სახეობებში პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

ძალოსნობის მიმართულებით კომიტეტის დირექტორმა დოპინგის პრობლემა დაასახელა, კრივში კი ფინანსური გაუმჭვირვალობას და მსაჯებთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუსვა ხაზი.

გამოცემა წერს, რომ ძალოსნებიდან 60-ზე მეტმა, რომლებიც 2008 და 2012 წლის ოლიმპიადებში იღებდნენ მონაწილეობას, ან ვერ გაიარეს დოპინგ-ტესტი, ან აკრძალული ნივთიერება ძველი ნიმუშების გადამოწმებისას აღმოუჩინეს. NBC-ს თქმით, მათ შორის 30-ზე მეტი საპრიზო ადგილზე იყო გასული.

ძალოსნობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სპორტში. ამ სახეობაში ქართველ სპორტსმენებს არაერთი მედალი აქვთ მოპოვებული.

სწორედ ძალოსნობაში ასპარეზობს ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი რეკორდის მფლობელია.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, ტალახაძე ასევეა მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის რეკორდსმენი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტალახაძე პირველი სპორტსმენია, ვინც 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი