ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა “ოცნებიდან” მანდატი დატოვა

10 დეკემბერი, 2021 • 1972
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა “ოცნებიდან” მანდატი დატოვა

ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ლაგვილავამ დეპუტატის მანდატი დატოვა.

უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით ლაგვილავამ საკრებულოს დღეს მიმართა. ის ზუგდიდის წინა მოწვევის სარებულოში ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა.

“პირადი მიზეზით დავტოვე საკრებულო, არანაირი პოლიტიკური მიზეზი არ არის. ეს გადაწყვეტილება მიღებული მქონდა პირველ სხდომაზევე [3 დეკემბერს], თუმცა განცხადების გაკეთება გადავდე გარკვეული მიზეზების გამო. არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ განცხადებას არ აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვრჩები “ქართული ოცნების” ერთ-ერთ აქტიურ გულშემატკივრად და მხარდამჭერად”, — განუცხადა ლაგვილავამ “ნეტგაზეთს”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანი წითლიძის ცნობით, ირაკლი ლაგვილავა ემიგრაციაში აპირებს წასვლას, რომ ფიზიკურად იმუშაოს და ოჯახი არჩინოს.

ლაგვილავა ადასტურებს, რომ პოლონეთში მიდის მცირე დროით და მალე დაბრუნდება.

“არანაირი ემიგრაცია, რა სისულელეა. საზღვარგარეთ მივდივარ, მაგრამ არანაირ ემიგრაციაში არ მივდივარ, უკან მოვბრუნდები ძალიან მალე. ოდესმე თუ დადგა დრო, ანა წითლიძე იქნა ხელისუფლებაში, მაშინ პოლიტიკურ ემიგრაციაში საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მართლა ექნება წასასვლელი”, — განაცხადა ლაგვილავამ.

ირაკლი ლაგვილავას ადგილმონაცვლე ზუგდიდის საკრებულოში გიორგი კორტავა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი