კომენტარისაზოგადოება

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

9 დეკემბერი, 2021 • 2804
ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან მიდის. მან 9 დეკემბერს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში, ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელებს.

“3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია “ქართულ ოცნებაში”, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.

ვთვლით, რომ ის პროექტები, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, ამით განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე”, — დასძინა მან.

მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, სამედიცინო მუშაკებს და ჯანდაცვის სექტორში თავისი საქმიანობის პერიოდი შეაჯამა

“განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები”, — დასძინა მან.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის მას ხსენებულ თანამდებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი