ახალი ამბები

მაქვს ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის დაჭერა უნდათ — ვატო წერეთელი

9 დეკემბერი, 2021 • 1545
მაქვს ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის დაჭერა უნდათ — ვატო წერეთელი

ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს სურს მამამისის, ავთანდილ წერეთლისა და პარტია “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დაკავება. აღნიშნულის შესახებ მან 9 დეკემბერს ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა.

ავთანდილ წერეთელს, ასევე, “ლელოს” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. საუბარია 17 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის თანხაზე, რომელიც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 2008 წელს ისესხეს.

“მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ უნდათ მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის დაჭერა, არა ბადრი ჯაფარიძის. მერე, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი დაუწყებს დასავლეთს ვაჭრობას და თუ გამოივაჭრებს რამეს, სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ერთსაც და მეორესაც”, — დასძინა წერეთელმა.

მისივე განცხადებით, ავთანდილ წერეთელი “მზად არის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის უკანონოდ ჩაჯდეს და იყოს პოლიტპატიმარი”.

ვატო წერეთელი ასევე დასძენს, რომ ტვ “პირველთან” დაკავშირებით “ვაჭრობას” აზრი არ აქვს და აღნიშნული ტელეკომპანია ყოველთვის გააშუქებს ადამიანთა ჩაგვრას, კორუფციასა და ნეპოტიზმს.

“ტელევიზია უფრო მწვავე და კრიტიკული იქნება…ჩემს ოჯახში ვილაპარაკეთ და მამამ მითხრა, რომ მე ვარ მზად, წავიდე, როგორც პოლიტპატიმარი და ვიყო ამ ქვეყნის უკანონო პატიმარიო.

ჩემთან ვაჭრობას აზრი არ აქვს. 7 წელია, ეს არხი არის, ერთად მოვდივართ ამდენი წელია. ის, რომ მე მევაჭრონ, არის გამორიცხული, რადგან ეს ტელევიზია მე უკვე დიდი ხანია გამცდა. ეს ტელევიზია ეკუთვნის ხალხს”.

9 დეკემბერს ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა. მოგვიანებით, სამივე მათგანმა პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლო დარბაზი.

სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი  წინასწარაა გამოტანილი.

ხაზარაძემ ჯაფარიძემ და წერეთელმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი