ახალი ამბები

ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა და სააკაშვილი მოინახულა

9 დეკემბერი, 2021 • 2495
ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა და სააკაშვილი მოინახულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„მე არა ვარ ექიმი, კონკრეტულად მის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ 30 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ, ვიცი, მისი ენერგია როგორი იყო, მაგრამ დღეს ის სულ სხვა ადამიანია. პირველად ვნახე ეს სისუსტე… მაგრამ, რაც მთავარია, იგი მხნედაა, მიზანმიმართულია და იცის, რომ თავისი გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძოლებს“, – განუცხადა ვარშალომიძემ ჟურნალსიტებს.

ვარშალომიძემ, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა საქართველოში, განაცხადა, რომ „როგორც მეგობარს“, ისე სურდა სააკაშვილის ნახვა და ბევრ საკითხზე ისაუბრეს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძეს, რომელიც 2004-12 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და არც საარჩევნო პერიოდში უაქტიურია.

ვარშალომიძე 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა ნიკა მელიასთან ფეისბუკით გამართულ არჩევნებში დამარცხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი