ახალი ამბები

დაასახელოს, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება მოსამართლეების არჩევა — ოხანაშვილი ოლსონს

9 დეკემბერი, 2021 • 1190
დაასახელოს, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება მოსამართლეების არჩევა — ოხანაშვილი ოლსონს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის კრიტიკული განცხადების პასუხად ითხოვს, რომ კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს ეფუძნებოდეს.

ოხანაშვილი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს მოუწოდებს, დაასახელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი, რომელსაც ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა, ან ის რეფორმა ეწინააღმდეგება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა.

„მე ვისურვებდი, რომ დასახელდეს კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, კონკრეტული ნორმა, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელ საერთაშორისო აქტს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინაღმდეგება? თუ ასეთი დასახელდება, შეგვიძლია შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ ზოგადი ფრაზებით მე დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, ვიდრე არ მოვისმენ პასუხს, რას გულისხმობენ, რომელ კონკრეტულ საერთაშორისო აქტს ეწინააღმდეგება.

საკითხი არის შემდეგნაირად – როცა რაღაცას აკრიტიკებ, ეს კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს. ფაქტი და არგუმენტი არსებობს საერთაშორისო აქტი და უნდა არსებობდეს საუკეთესო პრაქტიკა, რაზე დაყრდნობითაც ვიტყვით, რომ ევროპულ სივრცეში არის საერთაშორისო პრაქტიკა და ამას ეწინააღმდეგება საქართველოში არსებული მოდელი. ამას ვერავინ ვერ ამბობს, იმიტომ ვერ ამბობენ, რომ კი არ ეწინააღმდეგება, სრულად შეესაბამება.

ამიტომ ჩემი ინტერესია, ადამიანმა, რომელიც აკეთებს ასეთ განცხადებას, დაასახელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტი, რომელს ეწინააღმდეგება ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა, ან ის რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განახორციელოს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო.

ამ საკითხზე საუბრისას ოლსონმა შეაქო აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ოლსონის თქმით, აშშ-ს სურს, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც თვითონ ქართველების გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.

“ჩვენ ვწუხვართ, რომ მთავრობის ქმედებებმა დააზიანა ზოგიერთი ეს დემოკრატიული პროცესი. მმართველმა პარტიამ დააფიქსირა ერთგულება მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმებისადმი და ჩვენ გვსურს ამ პირობის ბოლომდე მიყვანა.

ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ძალიან ძლიერი ელჩი თბილისში. მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილს დემოკრატიის სამიტზე ამ კვირაში და ველოდებით, გეგმებს, რომლის განხორციელებასაც აპირებს საქართველო მომავალ წელს”, – განაცხადა ოლსონმა Foreign Policy-ის და ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე სამხრეთ კავკასიის შესახებ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მკაცრი გზავნილები მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია და აშშ გააგრძელებს ამის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი