ახალი ამბები

არ ვაპირებ გადადგომას — კობა გვენეტაძე

8 დეკემბერი, 2021 • 1365
არ ვაპირებ გადადგომას — კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს, 8 დეკემბერს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გვენეტაძეს „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარაიძემ ჰკითხა, როდის აპირებს გადადგომას. ჯაფარიძის თქმით, ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ეროვნული ბანკისთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას და პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა აიღოს და გადადგეს.

„არ ვაპირებ გადადგომას“, – უპასუხა გვენეტაძემ ჯაფარიძეს.


კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას რეფინანსირების განაკვეთი რამდენიმეჯერ გაიზარდა. დღეს,  8 დეკემბერს, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ  2020-2021 წლებში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის გამო, ინფლაცია შემდგომ თვეებში გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან შემცირდება.

„მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო, დროებით გაიზრდება.

მოგეხსენებათ სუბსიდიის ეფექტი, რომელიც შარშან დეკემბერში და წელს იანვარსა და თებერვალში განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დროებით გაიზრდება, გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი განცხადებით, ინფლაციის შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია გამოიწვევს.

ნოემბრის თვეში საქართველოში ინფლაციის დონე 12.5 პროცენტი იყო.

დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 ერთეულით, 10.5 პროცენტამდე გაზარდა, მიზეზად კი ინფლაციის მაღალი დონე დასახელდა.

რეფინანსირების ზრდა აძვირებს მასზე მიბმულ სესხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი