ახალი ამბები

სავარაუდოდ, შობამდე ომიკრონი UK-ში დომინანტი შტამი გახდება – ბრიტანელი მეცნიერი

8 დეკემბერი, 2021 • 2572
სავარაუდოდ, შობამდე ომიკრონი UK-ში დომინანტი შტამი გახდება – ბრიტანელი მეცნიერი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფის წევრი, პროფესორი ნილ ფერგიუსონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ომიკრონ შტამის შემთხვევები ყოველ 2-3 დღეში ორმაგდება, რასაც შესაძლოა ახალი ლოქდაუნი მოჰყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფერგიუსონმა BBC Radio 4-თან საუბრისას თქვა, რომ დიდი ალბათობით შობის დღესასწაულამდე ომიკრონი დიდ ბრიტანეთში დომინანტი შტამი გახდება.

“დიდი ალბათობით შობამდე ომიკრონი დელტა შტამს გადაუსწრებს, თუმცა რთულია იმის თქმა, ზუსტად როდის მოხდება ეს. ამჟამად ომიკრონი ინფიცირების საერთო მაჩვენებლის 2-3%-ს შეადგენს, თუმცა 1-2 კვირის განმავლობაში შემთხვევების მკვეთრ მატებას დავინახავთ”, – განაცხადა ფერგიუსონმა.

რაც შეეხება ლოკდაუნს, ფერგიუსონის თქმით, ძნელია რაიმეს გამორიცხვა. მისი განცხადებით, დიდ ბრიტანეთს არ აქვს მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით კარგი კონტროლი.

“ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რაციონალური იქნება, რომ დრო მოვიგოთ და მეტმა ადამიანმა გაიკეთოს ბუსტერ დოზა, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ადამიანები, ვინც ბუსტერს გაიკეთებენ, მეტად იქნებიან დაცულები. ასევე, დროის მოგება დაგვეხმარება, რომ უკეთ გავაანალიზოთ მოსალოდნელი საფრთხეები”, – თქვა ფერგიუსონმა.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ “ფაიზერის” ორი დოზა ომიკრონის მიმართ ორჯერ ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე სხვა შტამებთან.

ომიკრონი კორონავირუსის ახალი ვარიანტია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთაფრიკულ ქვეყნებში დაფიქსირდა, თუმცა ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.

კორონავირუსის ეს ვარიანტი ამჟამად შესწავლის ეტაპზეა.

„ომიკრონ“ შტამი ჩვენთანაც შემოაღწევს, საქართველო მთვარეზე არ არის – იმნაძე

ომიკრონი — რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი

მასალების გადაბეჭდვის წესი