ახალი ამბები

თბილისი პრაიდი პარლამენტს 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

8 დეკემბერი, 2021 • 1181
თბილისი პრაიდი პარლამენტს 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

თბილისი პრაიდი საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, 5 ივლისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან და ყველა სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას.

ამის შესახებ თბილისი პრაიდი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში  “ალტ-ინფოს” პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებას ეხმაურებიან და ამას აფასებენ როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში უდიდეს ჩავარდნად.

„როგორც ცნობილი გახდა, საჯარო რეესტრმა ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფი “ალტ-ინფო” პოლიტიკურ პარტიად დაარეგისტრირა. შეგახსენებთ, რომ “ალტ-ინფო” 5 ივლისს მომხდარი ჰომოფობიით მოტივირებული ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია. ორგანიზებული ძალადობის შედეგად, ქვიარ ადამიანებს შეგვეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, დაშავდა ათობით ჟურნალისტი და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ “ალტ-ინფო” ღიად აცხადებს თავისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ. “ალტ-ინფოს” ლიდერები ამბობენ, რომ “საქართველოს არ აქვს არანაირი ევროპული მომავალი” და “არ ღირს ოკუპაციის დემონიზება”. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მათ წარმოუდგენიათ რუსეთთან დიალოგით და მიესალმებიან რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში. ასევე, “ალტ-ინფოს” ღია მხარდამჭერია კრემლთან დაახლოებული რუსი ულტრანაციონალისტი ფიგურა, ალექსანდრ დუგინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ალტ-ინფო” საქართველოში რუსეთის იმპერიული ინტერესების ერთ-ერთი სახეა“, – ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

მათი თქმით, “ალტ-ინფო” წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის, როგორც ულტრამემარჯვენე ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფი და ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების მიერ გატარებული პოლიტიკა – ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ძალადობრივის ექსტრემიზმის პრევენციის პოლიტიკის არარსებობა, მათი დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, დაბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია – არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე, უსაფრთხოების სფეროში.

“ალტ-ინფოს” ლიდერებმა არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა სახელმწიფო უწყებები მათ არ სჯიან, რადგან თავად არიან 5 ივლისის ძალადობის თანაორგანიზატორები. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია 5 ივლისის მოვლენებზე და, ამავდროულად, ყველა სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას“, – ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

თბილისი პრაიდი აღნიშნავს, რომ არ შეეგუებიან უსამართლობას და ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით იბრძოლებენ სამართლიანობის აღსადგენად.


2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება პარლამენტში ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ 22 ივლისს მოახდინა. თუმცა კომისიის შექმნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ საგამოიძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმა ვერ გროვდება.

5 ივლისს თბილისში”ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ მიმდინარე კონტრაქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და ცალკეული ორგანიზაციების ოფისებს, რა დროსაც ფიზიკურად დაშავდნენ მოქალაქეები.

6 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად გამართული კონტრაქციის მონაწილეები შეკრებილ მოქალაქეებს ესროდნენ ასაფეთქებელ საშუალებებსა წყლის ბოთლებს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა დაიკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი