ახალი ამბები

თქვენ ხართ აღვირახსნილები – წულუკიანი ჟურნალისტს

8 დეკემბერი, 2021 •
თქვენ ხართ აღვირახსნილები – წულუკიანი ჟურნალისტს

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს „აღვირახსნილები“ უწოდა. წულუკიანს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ბლოკავს ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.

„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები!“ – უთხრა წულუხიანმა ჟურნალისტს.

დღეს, 8 დეკემბერს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები კონკურსის გარეშე, “საკუთარი შეხედულებით” დანიშნა. ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ მედიის ნაწილს, მათ შორის, “ნეტგაზეთს” არ მიაწოდა.

ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” ჟურნალისტები. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამინისტროში მისულ ჟურნალისტს ადმინისტრაციის თანამშრომელი ეუბნება, რომ “წინასწარ იცის, რომელი ტელევიზია უნდა შეუშვან”:

“ასე არ გავუფრთხილებივართ, რომ არ შემოუშვათო, მაგრამ სია გვაქვს, ვინც უნდა შევიდეს. მე როგორც ვიცი, TV პირველი არ უნდა შევიდეს…”, – უთხრა ადმინისტრაციის თანამშრომელმა.

ჟურნალისტის თხოვნაზე, მისთვისაც ეჩვენებინათ აღნიშნული სია, ადმინისტრაციის თანამშრომელმა თქვა: “ნუ არ არის სია და… ზეპირად იცის დაცვამ”.

“ნეტგაზეთი” დილიდან ცდილობდა კულტურის სამინსიტროსთან დაკავშირებას, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი რუსუდან უშიკიშვილი სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

კულტურის მინისტრის ბრიფინგზე ჟურნალისტების არდაშვების პირველი შემთხვევა არ არის. 22 ნოემბერს სამინისტროში ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები. მაშინ სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია “ნეტგაზეთსაც” და უწყების პრესსამსახური, დღევანდელის მსგავსად, მაშინაც არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი