ახალი ამბები

როდესაც დამნაშავე გემუქრება, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია – კობახიძე

7 დეკემბერი, 2021 •
როდესაც დამნაშავე გემუქრება, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია – კობახიძე

„როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ეროვნულ შერიგებაზე.

კობახიძის თქმით, ეროვნული შერიგების საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს ენმ-ის „ბუნებაში არ ზის“.

„შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, განსაკუთრებით, სააკაშვილის გამოსვლებში. უფრო მეტიც, ის ძალიან ხშირად იმუქრება ხოლმე. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი.

ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. უბრალოდ, მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ამას ისინი ელემენტარულად ვერ შეძლებენ. ამის რესურსი მათ რომ ჰქონოდათ, უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ, რაც 9 წლის მანძილზე ჩაიდინეს და შემდეგ 9 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის დროს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

გუშინ, 6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა თავის წერილში განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და ‘„ქართული ოცნების“ დამარცხებამდე არ გაჩერდება. მან „ოცნებას“ მოუწოდა, „გონს მოეგონ“ და ეროვნულ შერიგებას დათანხმდნენ, სანამ გვიან არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი