ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოიკითხა

6 დეკემბერი, 2021 •
მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოიკითხა

დღეს, 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძე გამოიკითხა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. საუბარია 17 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის თანხაზე, რომელიც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 2008 წელს ისესხეს. სასამართლოში მამუკა ხაზარაძემ დეტალურად ილაპარრაკა 2007-2008 წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისთვის და ჯაფარიძისთვის უცნობი იყო, რომ ეს თანხა წერეთელმა ბანკიდან ისესხა და შემდეგ გადასცა ხაზარაძე-ჯაფარიძეს. თუმცა აღნიშნა, რომ ასე განზრახაც რომ მოქცეულიყვნენ, ეს საბანკო რეგულაციების დარღვევა იქნებოდა, რომელიც ფულადი ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს და არა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც მხარეებს ახლა პროკურატურა ედავება:

„სათქმელი ვთქვი. ეს სათქმელი მე სამი წლის წინაც ვთქვი. ვთქვი პარლამენტის ტრიბუნიდანაც 2019 წელს. არაფერი ამ ჩვენებში არ შეცვლილა, უბრალოდ დღეს კიდევ უფრო დეტალურად და ფაქტებით ვუამბე საზოგადოებას და სასამართლოს, რომ არანაირი ფულის გათეთრება, მით უმეტეს, მითვისება [არ მომხდარა], ვინმეს წინაშე ვალდებულება არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი საქმე. ეს ემსახურებოდა ანაკლიის პროექტის ჩაგდებას. ანაკლია ჩააგდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს დავაბრუნებთ. ანაკლიასაც ავაშენებთ და ამ მართლმსაჯულებასაც შევცვლით ფუნდამენტურად.

ესეც, რაც ამ შენობებში ხდება, არც სამართლიანი სასამართლოა და ვერანაირ სიმართლეს აქ ვერ იპოვი. წყნარად, მოთმინებით და ჯიუტად გავაგრძელებ იმ პოზიციის დაცვას, რომელიც არის სიმართლე. ჩემი თავის, ოჯახის, ბანკის პარტნიორების წინაშე მართალი ვარ. არც მე და არც ბადრის არასოდეს მოგვიტყუებია სახელმწიფო, ბიუჯეტი, მეანაბრეები და პარტნიორები“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე „ტელეკომპანია პირველთან“ სხდომის დასრულების შემდეგ.

შემდეგი სხდომა ამ საქმეზე 9 დეკემბერს დაინიშნა. პროცესზე ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი უნდა გამოკითხონ.

ვრცლად ამ საქმეზე წაიკითხეთ: ხაზარაძის საქმე — ფულის გათეთრება თუ პოლიტიკური დევნა

მასალების გადაბეჭდვის წესი