ახალი ამბები

გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა — ფინანსთა მინისტრი ისტორიის წიგნზე

6 დეკემბერი, 2021 •
გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა — ფინანსთა მინისტრი ისტორიის წიგნზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრს პრობლემურად არ მიაჩნია საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში მოცემული ზოგიერთი ასპექტი, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ლაშა ხუციშვილის თქმით, წიგნში მხოლოდ ფაქტებია მოყვანილი, შეფასებების გარეშე.

მიმდინარე დღეებში  აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გამომცემლობების “დიოგენესა” და “ლოგოსპრესის” მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების იმ მონაკვეთებმა, რომლებიც 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.

კამათის საგანია, მაგალითად,  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებთან და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოცემული ზოგიერთი პასაჟი, ასევე, ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება “ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატად”.

“რა ინფორმაციაც მივიღე ამ დღეების განმავლობაში და რაც წავიკითხე უშუალოდ ამ წიგნთან მიმართებაში, ფაქტობრივად, მე რაც ვნახე, მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი გარკვეულწილად შეფასებები.

…იქ მე ვნახე უბრალოდ ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებიც იყვნენ საქართველოს პირველი პირები წლების განმავლობაში და, შესაბამისად, გაურკვეველია, რაზე ხდება ამ აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარია და შეფასებები იქ ვერ ვნახე”, — დასძინა ხუციშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

სახელმძღვანელოების კრიტიკოსთა შორისაა პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელსაც მიაჩნია, რომ პროტესტი უნდა დაიწყოს ისტორიის სახელმძღვანელოში „ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“.

როგორც ხოშტარია პირად ფეისბუკგვერდზე წერს, პროტესტი დაიწყება 6 დეკემბერს და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით „შედეგის მიღწევამდე“.

განათლების სამინისტრო, ისევე როგორც გამომცემლობები, წიგნის გარშემო გახმიანებულ კრიტიკულ შეფასებებს,ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

„ცნობილი მეცენატი ივანიშვილი“ ისტორიის წიგნში — ხოშტარია პროტესტს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი