ახალი ამბები

„ცნობილი მეცენატი ივანიშვილი“ ისტორიის წიგნში — ხოშტარია პროტესტს აანონსებს

5 დეკემბერი, 2021 • 6521
„ცნობილი მეცენატი ივანიშვილი“ ისტორიის წიგნში — ხოშტარია პროტესტს აანონსებს

საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ცალკე ქვეთავია გამოყოფილი, სადაც მითითებულია, რომ „ბიძინა ივანიშვილი ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედია“.

პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ  პროტესტი უნდა დაიწყოს ისტორიის სახელმძღვანელოში „ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“.

როგორც ხოშტარია პირად ფეისბუკგვერდზე წერს, პროტესტი დაიწყება 6 დეკემბერს და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით „შედეგის მიღწევამდე“. ელენე ხოშტარია პროტესტისთვის შეერთების მსურველებს ერთად ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

ისტორიის სახელმძღვანელოში ასვე აღნიშნულია, რომ 2012 წელს „ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.

ამავე ისტორიის სახელმძღვანელოში შეფასებულია „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდი და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრა, თუმცა იქვე წერია:

„კორუფციასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა. იყო გადაცდომებიც — კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, საქმეების 99%-ს სასამართლოში პროკურატურა იგებდა, ადამიანის უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე პირებს, ხშირად, უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ.“

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გამომცემელია „დიოგენე“ და მას სამი ავტორი ჰყავს: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე და ნათია ფირცხალავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი