“ლაიმჰაუსის” სადისკუსიო პლატფორმის ფარგლებში 2021 წლის 20-24 სექტემბერს ქალაქ ბელგრადში გამართულ შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეთა მიერ შემუშავდა წინადადებების პაკეტი. პლატფორმის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ეს წინადადებები გახდება საზოგადოების განხილვის საგანი კონფლიქტის ორივე მხარეს. ასევე, დიალოგის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში. წარმოგიდგენთ დიალოგის კიდევ ერთი მონაწილის, კონფლიქტების მკვლევარის, გიორგი კანაშვილის ხედვას.
რამდენად უპრეცედენტოა ეს ერთობლივი დოკუმენტი?
არ ვიცი, რამდენად უპრეცედენტოა ეს შეთანხმება, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში არ მახსენდება ერთობლივად შემუშავებული ტექსტები. შეიძლება, რაღაც თვალსაზრისით, ესეც იყოს ამ ტექსტის ძირითადი სიკეთე.
ამასთან, ტექსტში გაჟღერებული თემები არ არის განსაკუთრებული სიახლე. ეს საკითხები წლების განმავლობაში სხვადასხვა, ქართულ-აფხაზურ ფორმატებში განიხილებოდა.
საკმაოდ დაბალანსებული ტექსტია და ვფიქრობ, დიდი ვნებათაღელვა არ უნდა გამიოიწვიოს. თუმცა, აფხაზეთში სხვადასხვა ჯგუფებში დაისვა კითხვები, ვინ არიან ის აფხაზები, რომლებიც ქართველებს ხვდებიან.
ზუსტად ამ კითხვების გამო, აფხაზური მხარისთვის, ალბათ, უფრო მეტად უპრეცედენტოა ასეთი ერთობლივი და ღია შეთანხმების გამოქვეყნება
კი და ძირითადად, ასეთი დისკუსიაა იქ, რომ “რა უფლება აქვთ ამ ადამიანებს, ისაუბრონ აფხაზური მხარის სახელით მათ პოზიციებზე და ყველა აფხაზის ნებაზე”. ამავე დროს, ძირითადად, მე რასაც ვუყურებ, აფხაზეთში იმ ადამიანების მიმართ მიემართა ეს კრიტიკა, ვინც სინამდვილეში აფხაზურ ინტერესებს ატარებს, და ეს ტექსტშიც ჩანს კარგად. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ქართველებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი მაშინვე რაღაც უარყოფითის საფუძველი ხდება.
ვისი მხრიდან ისმის უფრო მეტი კრიტიკა ქართულ-აფხაზურ დიალოგზე, ხელისუფლების თუ სამოქალაქო საზოგადოების?
რეაქციები უფრო იმ ჯგუფებშია, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან იყვნენ კავშირში და ტრადიციულად, სკეპტიკურად არიან განწყობილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მიმართ. საკმაოდ მკაცრი პოზიციები აქვთ და ხშირად ამბობენ “რაში გვჭირდება ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიად განგვიხილავს და არაა მზად, ხელი მოაწეროს ჩვენთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას, და მოდი, იყოს ეს “ჩინური კედელი” ჩვენს შორის მანამდე, სანამ არ აღიარებენ აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს”.
უშუალოდ ტექსტში არის გარკვეული იდეები პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით, რომელიც ამასთანავე, გაჟღერებული იყო საგარეო ურთიერთოების კონცეფციაში, რომელიც აფხაზეთის ახალმა [ასლან ბჟანიას] ხელისუფლებამ შეიმუშავა. იმ კონცეფციაში საუბარი იყო [ჟენევის ფორმატის გარდა], ქართულ-აფხაზური მრავალდონიანი პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზეც და ფორმატებზე. შემდეგ ეს იდეა იმ ტექსტიდან ამოიღეს ზუსტად ოპოზიციის კრიტიკის გამო. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებისგანაც დიდხანს ვერ მიიღეს რაიმე პასუხი და იმაში, რაც მოგვიანებით ითქვა, ჩანდა, რომ ქართული მხარე ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგით დიდად დაინტერესებული არ იყო.
ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება ძალიან კონსერვატორულად არის განწყობილი ამ თემების ირგვლივ. ფიქრობენ, მოდი, სულ არ გავაფუჭოთ საქმე და იგივე მიმართულებით ვიაროთ – ეს არის არაღიარების პოლიტიკა, ოკუპაცია და მინიმალური კავშირები ჰუმანიტარულ დონეზე. სიახლეებზე ფიქრი და საგნობრივი დიალოგი კი არ არსებობს. იმავე ჟენევაში, მხოლოდ დაკონსერვებული თემები იხილება წლების განმავლობაში და სტერილური გახდა დღის წესრიგიც – ქართველები დააყენებენ დევნილების საკითხს, ისინი კი, ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებას ითხოვენ. მაქსიმუმ, იმ დროისთვის მიმდინარე რაიმე საკითხზე იყოს რეაგირება. ეს კარგად აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომ ურჩევნიათ საერთოდ არაფერი ან მინიმალურ დონეზე აკეთონ რამე.
ქართველების უფლებების საკითხიც არის შესული ერთობლივ დოკუმენტში, თუმცა, ბუნდოვანი და მშრალია ეს პუნქტი. ბოლომდე არ არის განმარტებული, რა შეთანხმებაზე შეიძლება იყოს საუბარი, დევნილებზე?
ჩემი პირადი მოსაზრებაა ის, რომ ეს პუნქტი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ეს ეპიზოდი პატარაა მაგრამ საკმაოდ ტევადი. უზრუნველყოფილი იყოს აფხაზეთის ქართული მოსახლეობის უფლებები – დაახლოებით ასეთი შინაარსია. ამ ტექსტზე ძალიან გაუჭირდებოდათ აფხაზებს პასუხის აღება, რადგან ვიცით, რომ სამწუხაროდ არ განიხილება იქ დევნილების დაბრუნების საკითხი. საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ თქვან, რომ აქ იგულისხმებოდნენ ის ქართველები, რომლებიც ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთ დოკუმენტების იმგვარად შემუშავება გვიწევს, რომ დამატებით პრობლემას აღარ უქმნიდეს ამ ხალხს.
საბოლოო ჯამში, რისი საფუძველი შეიძლება გახდეს ეს ერთობლივი ტექსტი?
ქართულ-აფხაზური თემატიკის გარშემო გარკვეული აქტივობების, სტატიების სახით იქნება ეს თუ დისკუსიების, ან თუ კიდევ სხვ რამის. ჩვენთვის, მონაწილეებისთვის ეს არის დღის წესრიგი.
გარდა ამისა, რეგიონში ბევრი რამ მნიშვნელოვნად იცვლება, თუმცა, ამ ფონზე მთელი ყურადღება ორივე მხარეს გადატანილი აქვს მხოლოდ შიდა თემებზე, რეგიონულ კონტექტს გვერდს ვუვლით, თითქოს.
გარდა ამისა, ამ ტექსტში ვსაუბრობთ დასავლეთის მეტ გახსნაზე აფხაზეთისთვის, სატრანსპორტო კორიდორებზე, დასავლური განათლების ხელმისაწვდომობაზე და კონკრეტულ და პრაქტიკულ საკითხებზე.
მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, მეტი დასავლეთი აფხაზეთში და მეტი აფხაზეთი დასავლეთში. თუმცა, მესმის რომ დასავლეთით სრული დაბალანსება რუსეთისა, აფხაზეთში ვერ მოხდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა, რას ვთავაზობთ აფხაზეთს არსებულ სიტუაციაში. რა არის ჩვენი შეთავაზება – ერთიან სახელმწიფო, ფედერალიზმი თუ კიდევ სხვა რამ. მესმის, რომ უტოპოიურად შეიძლება ჟღერდეს ახლა ამაზე ფიქრიც კი, მაგრამ თუნდაც შიდა ან საერთაშორისო დისკუსიის დროს ხომ უნდა გვქონდეს პასუხი, რა არის ჩვენი წინადადება. ამაზე მსჯელობა კი არ ხდება ფრუსტრაციის, შიდა დაღლილობის თუ პრიორიტეტების გამო.
ამ ხელისუფლებამ მოახერხა ამ თემის მოკვლაც. 2012-2013 და 2015 წლებშიც კი, თითქოს, იგრძნობოდა რაღაც ენთუზიაზმი, ხედვა და პოლიტიკური ნებაც. მაგრამ ეს რომ არ ყოფილა საერთო სამთავრობო პოზიცია, ესეც გამოჩნდა მოგვიანებით. დღესაც იმავეს ვხედავთ, რომ ხელისუფლების დღის წესრიგი კონფლიქტები არ არის, მითუმეტეს, არც შიდა კონტექსტი და არც ყოველდღიურად თვითგადარჩენის რეჟიმი გვაძლევს ამის საშუალებას.