გორში სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ წარსულში გასხვისებული სოფლის საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
სოფლის მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადა, რისი საშუალებაც, მათ პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს.
მოგვიანებით მოსახლეობამ გორი-ბერშუეთის საავტომობილო გზა გადაკეტა.
„წინა ხელისუფლებამ საძოვრებს შეუცვალა სტატუსი და გაყიდა, როგორც სახნავ-სათესი. მყიდველმა შემდეგ ეს მიწები გადაყიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც ორი წელი ამუშავებდა, მაგრამ მოსავალი ვერ მოიყვანა და შემდეგ 9 წლის განმავლობაში გაყიდვას ცდილობდა. ბოლოს ის კიდევ ერთხელ გაიყიდა.
მოსახლეობა ითხოვს, მიწების დაბრუნებას.
ჩართულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, რომ იქნებ, როგორმე ისე გაკეთდეს, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს“, – განუცხადა ნეტგაზეთს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ბერიანიძემ.
ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევას.