ახალი ამბები

სარჯველაძის ბოდიში და მადლობა თეა წულუკიანს

3 დეკემბერი, 2021 • 2489
სარჯველაძის ბოდიში და მადლობა თეა წულუკიანს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ თეა წულუკიანს ბოდიში მოუხადა ოპოზიციის კრიტიკის გამო.

წულუკიანი, რომელსაც დღეს, 3 დეკემბერს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ, ოპოზიციამ სიძულვილის ენის გამო გააკრიტიკა. მოსმენისას რამდენიმეჯერ იყო ხმაური წულუკიანსა და დამოუკიდებელ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის.

სარჯველაძის თქმით, წულუკიანი ოპოზიციის კრიტიკას არ იმსახურებს და მისი საქმიანობის გამო მადლობის ღირსია.

“რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი სათქმელი, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა არავინ გამოჩნდება, ვინც ამას გააკეთებს. მე მინდა ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რაც თქვენ აქ მოისმინეთ. ეს არის მიუღებელი ადამიანურად და ეს არის ფსკერზე ქვემოთ. აბსოლუტურად დაუშვებელი, არ ვიცი, უბრალოდ, ჰუმანიზმის, პარლამენტარობის, ნებისმიერი კრიტერიუმით, რაც არ უნდა ვთქვათ.

ამ ფონზე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგახადოთ, რომ ოპოზიციიდან გამოთქმულ არცერთ კრიტიკულ სიტყვას თქვენ არ იმსახურებთ და რეალურად იმსახურებთ მადლიერებას, იმ ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში წარმოაჩენს წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს, რომელიც ყოველდღიურად იშლება. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე ყოველთვის მექნება იმედი, რომ იქ, სადაც თქვენ ბრძანდებით და თქვენი გუნდია, რეალურად არის შესაძლებელი, რომ საქართველო წარმოჩინდეს, როგორც ლიდერი კაცობრიობაში”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი