ახალი ამბები

„კარგი იქნება, თუ ფედერაციები ქალი მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ“ – წულუკიანი

3 დეკემბერი, 2021 • 1697
„კარგი იქნება, თუ ფედერაციები ქალი მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ“ – წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ სპორტული ფედერაციები პირველი ქალი მინისტრის პირობებში, საქმიანი ურთიერთობებისას მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ.

აღნიშნული რეპლიკა მინისტრმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა ბადრი ჯაფარიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილის საკითხს ეხებოდა:

„მე ვიცი, რომ ამ სპორტსმენს ჰქონდა შესაბამის ფედერაციასთან პრობლემა, რომელიც თუ სწორად ვიცი, მუშტი-კრივთან იყო დაკავშირებული და წყენის საფუძველზე მან, ბატონმა ზურამ, დატოვა ქვეყანა და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს ბატონი ზურაბ დათუნაშვილი. ეს სამწუხაროა და აქ ჩართვის სახით ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ ფედერაციები პირველი ქალი სპორტის მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ საქმიანი ურთიერთობისას“, – ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, პროფესიულ კარიერას სერბეთში 2020 წლიდან აგრძელებს.

ზურაბ დათუნაშვილი იძულებული გახდა, საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. მას გეგეშიძემ სახის არეში გაურკვეველი საგანი ჩაარტყა, რაც ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.

2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას დროებითი ღონისძიების სახით, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5- ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. ზურაბ დათუნაშვილმა თქვა, რომ არ აპირებდა ნაკრების სახელით ჭიდაობას, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი