ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დატოვა

3 დეკემბერი, 2021 • 889
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დატოვა

ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”.

“ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პათოსი. ჩვენთვის ბუნდოვაია და ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ კენჭისყრებში მონაწილეობა აბსურდული იქნება”, — განაცხადა ენმ-ის წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ და დასძინა, რომ ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობას” კონსულტაციები სჭირდება.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანია იყო სპეცოპერაცია ზუგდიდელი ამომრჩევლის წინააღმდეგ.

ენმ-ის წევრებმა მანამდე მხარი დაუჭირეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობას. “ქართული ოცნების” შეფასებით, ამით მათ აღიარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა, შესაბამისად, პრეტენზიები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უადგილოა.

დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე ზუგდიდის საკრებულოს  უნდა აერჩია თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარეს ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატია. ენმ-ს 22 წევრი ჰყავს, “ქართული ოცნებას” — 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”- 3 მანდატი. თუ გავითვალისწინებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა, ხოლო პარტიამ “საქართველოსთვის” უარი განაცხადა კენჭისყრებში მონაწილეობაზე, დღევანდელ სხდომაზე საკრებულო, სავარაუდოდ, ვერ აირჩევს თავმჯდომარეს.

დღეს იმართება 2021 წლის მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი