ახალი ამბები

მე ვარ ამ საქმის ექსპერტი… ქალბატონი კელი არა – კობახიძე არჩევნების ბარიერზე

2 დეკემბერი, 2021 • 2635
მე ვარ ამ საქმის ექსპერტი… ქალბატონი კელი არა – კობახიძე არჩევნების ბარიერზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადების პასუხად ამბობს, რომ არჩევნებში 2%-იანი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში მოქმედებს და კელი დეგნანი არ არის კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი.

„მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი [დეგნანი] არ არის თვითონ ექსპერტი“, – განაცხადა კობახიძემ 2 დეკემბერს.

„რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად დანერგა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება“, – აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც არის დადგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემა, მოქმედებს სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

შარლ მიშელის/19 აპრილის შეთანხმებაზე კითხვაზე პასუხად მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „არ არსებობს არავითარი შეთანხმება“.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ სამწუხარო იქნება, თუ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღება და „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს… უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“.

„საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ დაბალი ბარიერი იყო პოზიტიური. ამაზე იყო საუბარი როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში, ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პოზიტიური შედეგიც, რომ დაბალმა ბარიერმა 9 განსხვავებულ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. არსებული 5%-იანი ბარიერის დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, 2 ან 3 პარტია გადალახავს ბარიერს.

ეს არ არის ის ტრაექტორია, რაც მრავალფეროვან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ეს არის, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაცია საქართველოსთვის დ სამწუხარო იქნება, თუ არ შესრულდება ის, რაზეც ყველა პარტია, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა, რომ პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა საქართველოსთვის“, — განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი