ახალი ამბები

ერთპარტიული მმართველობა აშშ-შიც არის, იქ ტირანია არაა – სამხარაძე

2 დეკემბერი, 2021 • 1903
ერთპარტიული მმართველობა აშშ-შიც არის, იქ ტირანია არაა – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ასე ეხმაურება კელი დეგნანს, აშშ-ის ელჩს საქართველოში:

„საქართველოში ტირანიის რისკი არ არის იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა არ ნიშნავს ტირანიის რისკს. ერთპარტიული მმართველობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სხვა ქვეყნებშიც და იქ ტირანია არ არის“.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ სამწუხარო იქნება, თუ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღება და „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს… უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“.

„საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ დაბალი ბარიერი იყო პოზიტიური. ამაზე იყო საუბარი როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში, ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პოზიტიური შედეგიც, რომ დაბალმა ბარიერმა 9 განსხვავებულ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. არსებული 5%-იანი ბარიერის დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, 2 ან 3 პარტია გადალახავს ბარიერს. ეს არ არის ის ტრაექტორია, რაც მრავალფეროვან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ეს არის, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაცია საქართველოსთვის დ სამწუხარო იქნება, თუ არ შესრულდება ის, რაზეც ყველა პარტია, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა, რომ პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა საქართველოსთვის“, — განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები (ვადამდელის ჩათვლით) სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, კანონპროექტის განხლვა არ გრძელდება და “ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”. კობახიძის თანახმად, 2%-იანი ბარიერი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე დამოკიდებული “საჩუქარი” პარტიებისთვის, ისიც 2024 წლიდან.

“როცა არ უნდა მივიღოთ [საკონსტიტუციო ცვლილებები], ეს იქნება საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის განახლებისთვის ოპოზიციას ისეთი წინაპირობები წაუყენა, როგორიცაა აქციების შეწყვეტა, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, დღის წესრიგის და რიტორიკის შეცვლა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი