ახალი ამბები

პროკურატურა: გვარამიამ პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაიწყო გამოძიება

30 ნოემბერი, 2021 •
პროკურატურა: გვარამიამ პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაიწყო გამოძიება

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ბრალდებით.

უწყებაში აცხადებენ, რომ 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხელ სააკაშვილის საქმის განხილვისას ბრალდებულის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა:

„ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, დღეს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, ადვოკატ ნ.გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე.

გვარამია განმარტავს რეპლიკას, რომლის გამოც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი