ახალი ამბები

გვარამია განმარტავს რეპლიკას, რომლის გამოც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

30 ნოემბერი, 2021 • 2904
გვარამია განმარტავს რეპლიკას, რომლის გამოც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია განმარტავს რეპლიკას, რომლის გამოც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ნიკა გვარამიას თქმით, პროკურორებისთვის შეურაცხმყოფელი ტერმინით არ მიუმართავს და რეპლიკა პროცესის მონაწილე ყველა მხარემ სხდომათა დარბაზშივე გაიგონა:

„ერთხელ ბიუროს სხდომაზე ქალბატონ ელენე თევდორაძეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ, მგონი, გამოსაკველევბი ხართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, „ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ“.

გუშინ პროცესზე პროკურორმა გვითხრა, გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე, რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან.
კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი – ეს რა შეფასებაა – ანუ გაიგონა და არ გამორჩენია. თუ თქვენ მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა პროკურორს? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პროკურორი. როგორც თქვენ წარმოგვიდგენთ, ყველანი ყრუები.

მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც.
ვნახოთ, იურისტის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითაც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, თუ აღნიშნულის გამო სასამართლო უარს ეტყვის დაცვის უფლების განხორციელებაზე, გადაწყვეტილება უსაფუძვლო იქნება. პროკურატურას კი მიმართავს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმით ვერ შეაშინებენ:

„რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, თქვენი აღძრული კიდევ ერთი საქმე სრულიად ცხადია, რას ემსახურება და სრულიად ცხადია, რა მიზანს ისახავს. გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მეშინია. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით და ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემსმიერ დაჩმორებულ და დაშინებულებად გამოიყვანეთ.

ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემ წინააღმდეგ და ორი წელიწად-ნახევრის წინ R2 ის 9%-ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე, არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს“, – ამბობს ნიკა გვარამია.

დღეს, 30 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვისას ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც გამოძიება დაიწყეს. პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ უკვე მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას. შემდეგ სხდომაზე კი უწყება გვარამიას სხდომიდან გაძევებას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი