ახალი ამბები

მგონია, რომ კობახიძეს გერმანიაში განათლება მესამე რაიხის დროს აქვს მიღებული – სამადაშვილი

30 ნოემბერი, 2021 • 1968
მგონია, რომ კობახიძეს გერმანიაში განათლება მესამე რაიხის დროს აქვს მიღებული – სამადაშვილი

პარლამენტის წევრ სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს „უცნაური“ წარმოდგენა აქვს თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციაზე. ამის შესახებ მან დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტის სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, კობახიძის განცხადებები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ გერმანიაში განათლება მესამე რაიხის დროს მიიღო (ნაციონალ-სოციალისტური გერმანია).

„ბატონი კობახიძე გამოდიოდა სიტყვით, რომ მისი შეხედულებით, თურმე საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ამტკიცებს, რომ ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. საერთოდ, ბატონ კობახიძეს რომ ვუსმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი ევროპაში საკუთარი განათლებით, მგონია, რომ გერმანიაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ დაახლოებით 1933-დან და 1945 წლამდე ისტორიულ პერიოდში, მესამე რაიხის დროს.  ევროპაში განათლებამიღებულ ადამიანს ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს იმაზე, რა არის თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია.

ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ საპყრობილეში ჩაგდებული ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა, ეს არის ევროპული საქციელი. კობახიძეს მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების უკან მიგდება ევროპისთვის არის ევროპული საქციელი. კობახიძეს მიაჩნია, რომ ევროპაში კარდაკარ სიარული და იმის დამტკიცება, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი დამოუკიდებელი ინსტიტუციის, სახალხო დამცველის სახით, რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი