ახალი ამბები

ყველას გაგვახსენა მარკესის “პატრიარქის შემოდგომა“ – კობახიძე სააკაშვილზე

30 ნოემბერი, 2021 •
ყველას გაგვახსენა მარკესის “პატრიარქის შემოდგომა“ – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ, 29 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საზოგადოებამ „ყოფილი დიქტატორი“ იხილა. ამის შესახებ მან დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტის სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი დღესაც „საზოგადოებრივად საშიშია“.

„გამოვეხმაურები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილება მისი მორიგი სისხლის სამართლის საქმე. გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა [გაბრიელ გარსია] მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდგომა“. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და გარდა იმისა, რომ მას აქვს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ის დღესაც არის საზოგადოებრივად საშიში“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 15 პირი დააკავა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულებს შორისაა ოპოზიციონერი გიგი უგულავაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი