ახალი ამბები

ახალი რესპუბლიკა მსოფლიოში — ბარბადოსმა ბრიტანეთის მონარქიასთან კავშირი გაწყვიტა

30 ნოემბერი, 2021 • 1131
ახალი რესპუბლიკა მსოფლიოში — ბარბადოსმა ბრიტანეთის მონარქიასთან კავშირი გაწყვიტა

396 წლის შემდეგ ბარბადოსმა — კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფომ — ბრიტანეთის მონარქიასთან უკანასკნელი კავშირები გაწყვიტა. ასე გაჩნდა მსოფლიოში ახალი რესპუბლიკა, რომლის დაბადებაც ბარბადოსის დედაქალაქ ბრიჯტაუნში გამართულ ცერემონიაზე იზეიმეს.

მას შემდეგ, რაც 00:00 საათი შესრულდა და 30 ნოემბერი დადგა, ისტორიულ ღონისძიებაზე დაუშვეს დროშა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დედოფალს წარმოადგენდა, შემდეგ კი ოფიციალურად გამოაცხადეს ბარბადოსის ახალი კონსტიტუციური სტატუსი — რესპუბლიკა.

ასე ჩამოსცილდა ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ II კუნძულის მმართველობას. ბარბადოსის პრეზიდენტი იქნება დედოფლის აწ უკვე ყოფილი წარმომადგენელი და გენერალ-გუბერნატორი, 73 წლის სანდრა მეისონი. მან ზემოხსენებულ ცერემონიაზე დადო ფიცი, რასაც დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ.

“მოვიდა დრო, ბოლომდე მოვიტოვოთ უკან ჩვენი კოლონიური წარსული… ბარბადოსელებს სურთ სახელმწიფოს ბარბადოსელი მეთაური”, — დასძინა მეისონმა და ახსენა “კომპლექსური, მშფოთვარე მსოფლიო”, რომელშიც ახალ რესპუბლიკას მოუწევს გზის გაკვალვა.

ღონისძიებაზე ეროვნულ გმირად გამოაცხადეს ბარბადოსელი მომღერალი რიანა, რომელიც ასევე ესწრებოდა ცერემონიას.

30 ნოემბერი ბარბადოსისთვის აქამდეც მნიშვნელოვანი თარიღი იყო. 55 წლის წინ, ამ დღეს, სახელმწიფომ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ელიზაბეთ II ინარჩუნებდა ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის მეთაურის სტატუსს.

რესპუბლიკის გამოცხადების ცერემონიაზე, სხვებთან ერთად, უელსის პრინცი ჩარლზიც მიიწვიეს. CNN-ის თანახმად, ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა მას უმაღლესი წოდება — თავისუფლების ორდენი გადასცა და ასე გაუსვა ხაზი გარემოებას, რომ ბარბადოსი და გაერთიანებული სამეფო მჭიდრო ურთიერთობებს შეინარჩუნებენ.

“ჩვენი წარსულის ყველაზე ბნელი დღეებიდან და მონობის შემზარავი სისასტიკიდან, რომელიც მუდამ ლაქად გასდევს ჩვენს ისტორიას, ამ კუნძულის ხალხმა თავისი გზა შესანიშნავი სიმტკიცით გაიტანა.

ემანსიპაცია, თვითმმართველობა და დამოუკიდებლობა იყო თქვენი გზა. თავისუფლება, სამართლიანობა და თვითგამორკვევა იყო თქვენი მეგზური“, — მიმართა პრინცმა ჩარლზმა ბარბადოსელებს.

მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ პრინცის განცხადებას, რომ ის ბარბადოსელთა მეგობრად დარჩება. მეორე მხრივ, ისმოდა მოსაზრებაც, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ცერემონიას არ უნდა დასწრებოდა.

“სამეფო ოჯახი ფინანსურ სარგებელს იღებდა მონობიდან და მრავალი ჩვენი აფრიკელი და-ძმა დაიღუპა თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, — აღნიშნა ადგილობრივმა აქტივისტმა დევიდ დენიმ.

ბარბადოსის გადაწყვეტილება, მეთაურის სტატუსი ჩამოაცილოს ბრიტანეთის მონარქს, პირველი შემთხვევაა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ბოლოს მსგავსი რამ ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს, მავრიკის შემთხვევაში მოხდა 1992 წელს.

მონარქიასთან კავშირების გაწყვეტის მიუხედავად, ბარბადოსი “ერთა თანამეგობრობაში” დარჩება. ეს არის 54 სახელმწიფოსთან — ძირითადად, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისგან —  შემდგარი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც წევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაძლიერებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი