ახალი ამბები

მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

29 ნოემბერი, 2021 • 2279
მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა – გირაოთი შეუცვალა.

თელავის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზვიადაური 50 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო იმავე საქმეში, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დაკავებულ პირს, ჯაბა ჯანგირაშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება 5 000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა.

პროკურატურამ ზვიადაურს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვ.ც-მ ჯ.ჯ-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ-ს მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. [ზურაბ ზვიადაურის ძმა] შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე, კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ-მ [ზურაბ ზვიადაური] ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ.“, — წერია უწყების განცხადებაში.

ზურაბ ზვიადაური იყო 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“. იგი არის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი