ახალი ამბები

ტყიბულში დაშავებული მუშის მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

28 ნოემბერი, 2021 • 1053
ტყიბულში დაშავებული მუშის მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

ტყიბულში, კარიერის გამაგრებითი სამუშაოებისას დაშავებული 65 წლის მუშა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

“[პაციენტი შემოიყვანეს] უმძიმეს მდგომარეობაში, გულ-მკერდის ღრუს ორგანოების დაჟეჟილობით, მუცლის ღრუს ორგანოების დაჟეჟილობით და ორივე ქვედა კიდურზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით.

ამჟამად პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე”, – უთხრა ექიმმა დავით ჯანაშიამ “მთავარ არხს”.

შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთ შახტაში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა.

მასაში მოყოლილი ორი პირიდან ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე – მძიმედ დაშავდა.

“მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე ამ ეტაპზე, ასე რომ, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”, – დასძენს ექიმი დაშავებულზე საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი