ახალი ამბები

ბეჟაშვილი: საკრებულოების ბიუჯეტის საკითხს გავასაჩივრებთ და მომზადდება კონსტიტუციური წარდგინება

27 ნოემბერი, 2021 • 938
ბეჟაშვილი: საკრებულოების ბიუჯეტის საკითხს გავასაჩივრებთ და მომზადდება კონსტიტუციური წარდგინება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით რიგ საკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამასთან, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მომზადდება კონსტიტუციური წარდგინებაც ვინაიდან პარტიაში მიიჩნევენ, რომ პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება.

ლევან ბეჟაშვილი რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისუფლების მიტაცების მორიგ მცდელობად აფასებს და მმართველ პარტიასთან გარიგებაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადანაშაულებს, რომელმაც საკრებულოების სხდომის თარიღი. მისი თქმით, დროულად არ დანიშნა:

“„ქართულმა ოცნებამ“ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას ერთხელ უკვე მოჰპარეს არჩევნები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და ამჯერად, ისინი ახდენენ შედეგების გადაწერას საკრებულოებში. იქ, სადაც არ აქვს „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა.

სახეზე გვაქვს შეთანხმებული მოქმედება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ამ პროცესში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება“ – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

მისი თქმით, წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან ბეჟაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

„მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძირითადი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსებისა, ხელისუფლების მოქმედება, რომ ვადაგასულ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, არის სწორედ რომ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი. არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არის არარელევანტური, ვინაიდან ეს ნორმა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა საკრებულოს არჩევნების გადავადება ან ბათილად გამოცხადება და რომ არ შექმნილიყო საკანონმდებლო ვაკუუმი, ძველ საკრებულოებს ექნებოდათ უფლებამოსილება.

ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენ ოპოზიციონერ საპარლამენტო კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელყოთ თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა“ – აცხადებს ენმ-ის წევრი.

გუშინ,26 ნოემბერს რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის ძველი მოწვევის საკრებულომ, – რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში გასდის, – მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტი ხმაურიანი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს ზუგდიდისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ძველმა საკრებულოებმა, რომლებსაც რამდენიმე დღეში გასდით უფლებამოსილების ვადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს, ბათუმში კი- 4.

ბიუჯეტი დაამტკიცეს სენაკში, ჩხოროწყუსა და მარტვილშიც.

ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, „ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

თუმცა, ორგანიზაცია „დროას“ მონაცემებით, წინა წლებში ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის თვეში ხდებოდა ხოლმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი