ახალი ამბები

მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარია — მოსამართლე ძიმისტარაშვილი

26 ნოემბერი, 2021 • 965
მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარია — მოსამართლე ძიმისტარაშვილი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი თეა ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარია.

ლევან მურუსიძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელსაც უფლებადაცვითი ორგანიზაციების ნაწილი ე.წ. მოსამართლეთა კლანის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევს.

ძიმისტარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას იურისტმა კახა წიქარაშვილმა ჰკითხა, მოახდენდა თუ არა სასამართლოს სანდოობაზე გავლენას, თუ მოსამართლეთა რეიტინგს გაზომავდნენ და ლევან მურუსიძეს ყველაზე დაბალი რეიტინგი ექნებოდა.

ძიმისტარაშვილის თქმით, ამგვარი რეიტინგი სასამართლო სისტემოსთვის მიუღებელია.

“ბატონ ლევანს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის არის შრომისმოყვარე კომპეტენტური ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ის არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარი”, – განაცხადა ძიმისტარაშვილმა.


25-26 ნოემბერს საქართელოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

ამჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა.

ამ პროცესს კრიტიკით შეხვდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი აცხადებდნენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი